fbpx

Become an OC Media Member

Support independent journalism in the Caucasus: Join today

Become a member

პანდემიამ ბევრისთვის მედიკამენტები მიუწვდომელი გახადა

„მირჩევნია, ნაკლები პური ვჭამო და აუცილებელი წამალი ვიყიდო“, — ამბობს ქეთი, რომელმაც ჰოსტელში დამლაგებლის სამუშაო დაკარგა. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media.

COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა უამრავი ადამიანი სამსახურისა და აუცილებელი მედიკამენტებისთვის საჭირო სახსრების გარეშე დატოვა. ჩაკეტილმა საზღვრებმა ასევე გაართულა ქვეყანაში უფრო იაფი მედიკამენტების შემოსვლა.

საქართველოს საზღვრები, მცირე გამონაკლისების გარდა, 18 მარტის შემდეგ ჩაკეტილია. გამოკითხვის მიხედვით, საშუალო საოჯახო შემოსავალი თითქმის განახევრდა, ხოლო მათ, ვისი შემოსავალიც ტურიზმზე იყო დამოკიდებული, რთული არჩევანის გაკეთება უხდებათ — ჯანმრთელობაზე ფულის დაზოგვა ან ვალების აღება საჭირო მედიკამენტების შესაძენად.

ტურიზმის შემცირებამ 59 წლის ქეთის ცხოვრებაზე მნიშნველოვანი გავლენა მოახდინა. ჰოსტელი, სადაც ქეთი დამლაგებლად მუშაობდა, დაიკეტა; უცხოელმა მეპატრონემ ქვეყანა დატოვა და წელს გახსნას აღარ გეგმავს. 

ქეთის ხელფასი დღეში 20 ლარი, კვირაში ექვსი დღე იყო. მისი ხელფასის გარეშე ოჯახმა ნახევარი შემოსავალი დაკარგა. 

„ჩემი მეუღლე პენსიაზეა და ჩემი ქალიშვილი თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მუშაობს სუპერმარკეტში, კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ; 300 ლარზე მეტს არ იღებს“.

ქეთის შვილს, სოფიოს, ორი წლის წინ გაკეთებული მუხლის ოპერაციის შემდეგ დიდხანს დგომა ან ჯდომა არ შეუძლია და ძვირადღირებული მოვლა ესაჭიროება. ექიმმა ქეთის უთხრა, რომ მუხლში ინიექციების გარეშე, მისი შვილის ოპერაცია უაზრო იქნებოდა.

ქეთიმ რამდენიმე დღე დახარჯა „ართრუმის“ ძებნაში — ეს ჟელეს მსგავსი ნივთიერება ხრტილში ბუნებრივად არსებული სითხის მსგავსია. უშედეგო ძებნის შემდეგ ექიმს დაუკავშირდა და გაიგო, რომ „ართრუმი“ ქართულ სააფთიაქო ქსელებში არ იყიდება, რომ მას ერთადერთი სპორტული აფთიაქი ყიდის.

„ართრუმის“ ერთი ინიექცია 800 ლარი ჯდებოდა — რაც ქეთის ოჯახის შემოსავლის 80%-ია. პირველ ჯერზე ქეთიმ მაინც შეიძინა მედიკამენტი, რადგან უნდოდა, რომ შვილს მოძრაობა შეძლებოდა. 

ორი წლის შემდეგ ზედმეტი დატვირთვის გამო, სოფიოს მეორე მუხლის ასტკივდა და იგივე ინიექციებს საჭიროებს. 

„ექიმმა გვითხრა, იქნებ საზღვარგარეთ მოძებნოთ ვინმეო, ვინც ჩამოგიტანთო“.

თავიდან ქეთიმ მედიკამენტის გამოწერა სცადა, თუმცა დაზღვევისა და ჩამოტანის ხარჯებთან ერთად ფასი იგივე დარჩა. 

ბოლო დროს სოფიოს ორივე მუხლზე შეექმნა პრობლემა, რომელიც სახსრების ძვირადღირებულ მედიკამენტს საჭიროებს. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media.

საბოლოოდ, სოფიომ იტალიაში წასულ მეგობარს მიწერა, რომელმაც სხვა ემიგრანტი ქალის მეშვეობით „ართრუმის“ ინიექცია ექიმისგან 100 ევროდ შეიძინა. 

დეკემბერში ოჯახმა ორი ინიექცია შეიძინა — იმდროინდელი კურსით ქეთის თითო ნემსი 310 ლარი დაუჯდა. ახლა ეს 343 ლარი იქნებოდა, ქეთისთვის კი ყოველი დაზოგილი ლარი მნიშნველოვანია.

„მაინც ძალიან დიდი იყო ჩვენთვის ეგ თანხა, მაგრამ ის მაინც ვიცოდი, რომ ინიექციის პროცედურისა და [საავადმყოფოში] ტაქსით წასვლა-წამოსვლის თანხას ვზოგავდი. ახალ ნემსს რომ ვყიდულობ, უკვე შემდეგისთვის ვიწყებ ფულის შეგროვებას“.

„ჩემნაირი ასაკოვანი არსად არ უნდათ“

OC Media პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგ-ორთოპედს, გიორგი კვარაცხელიას, დაუკავშირდა. მან დაგვიდასტურა, რომ „ართრუმი“ პრევენციულად და ოპერაციის შემდგომ ინიშნება, არის ერთერთი მაღალი ღირებულების სახრის დამცველი და ყველა მათგანი იმპორტირებული და ძვირია. 

სოფიომ „ართრუმი“ ყველაზე ცოტა, კიდევ ხუთი წელი, უნდა მოიხმაროს. გარდა ამისა, მას დანიშნული აქვს „გლუვილექს ულტრა“, სახსრებისთვის საჭირო საკვები დანამატი. 

„ნახევარი თვის მარაგი ჯდება 53 ლარი, ორ თვეზე 200-ზე მეტი გამოდის. არ ვიცი, ფულს საიდან ვიშოვი, მაგრამ მირჩევნია, ნაკლები პური ვჭამო და აუცილებელი წამალი ვიყიდო“.

სუსტი მუხლებიდან გამომდინარე, სოფიოს ხშირად აქვს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც — მაგალითად, მყესის ანთება წინა ზამთარში. ქეთის მეუღლეს მენჯის სახსრების პრობლემები აქვს. მთლიანობაში, ქეთის დაანგარიშებით, მისი და მეუღლის წნევის წამლები სოფიოს წამლებთან ერთად ოჯახს თვეში 170 ლარამდე უჯდება.

პანდემიის კრიზისმა ქეთის სამსახურის შოვნის იმედი დაუკარგა.

„ჩემნაირი ასაკოვანი არსად არ უნდათ. ერთი წელი დამრჩა პენსიამდე, მაგრამ ეს წელიც დიდი დროა ჩემთვის. მანამდე ბარში ან ჰოსტელში შემეძლო მუშაობა, მაგრამ ახლა მიუწდვდომელია ეს შემოსავალი“.

ქეთიმ სახელმწიფოს COVID-19 დახმარების პროგრამასაც მიმართა, მაგრამ არ მიუღია. 

„კონტრაქტი არ მქონდა, ხელზე ვიღებდი. ალბათ მაგიტომ“.

„ტურიზმი მარტამდე არ იქნება“

ანა თეიმურაზიშვილმა, ფრილანსერმა გიდმა და საქართველოს ტურისტული გიდების ასოციაციის წევრმა, ასევე დაკარგა სამსახური საზღვრების დახურვის შემდეგ. მას შემდეგ მუდმივად უჭირს ხანდაზმული დედისთვის საჭირო მედიკამენტებზე თანხის მოგროვება.

„სამკაული დავალომბარდე, რომ მეყიდა. ასოციაცია 150 ლარით დამეხმარა, როცა წამლის ფული არ მქონდა, მერე ოქრო დავალომბარდე, მერე მეგობრებს ვთხოვდი, ასე რომ, ახლა სულ ვალებში ვარ, მაგრამ რაღაცას მაინც ვაკეთებ. ჩემმა კოლეგემა ყველაფერი დაკარგეს“.

ანა თეიმურაზიშვილი, წარმატებული გიდი, იძულებული გახდა, სამკაული ლომბარდში მიეტანა, რომ დედამისის მედიკამენტებისთვის ფული შეეგროვებინა. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media.

ანას ნათესავმა კუს ტბის მიდამოებში მცირე ჯიხური გახსნა, სადაც ანა თორმეტიდან ღამის პირველ საათამდე მუშაობს. ჯერ ერთ თვეზე ნაკლებია, რაც მუშაობენ და არ იციან, მოგება რამდენი ექნებათ.

„ახლა ჩემი ერთადერთი მიზანია ქირის გადახდა და დედაჩემის უზრუნველყოფა ისე, რომ ვალები არ დავიდო“.

ანას დედას „ელიქუისი“, სისხლის გამათხელებელი მედიკამენტი ყოველთვიურად აქვს დანიშნული. მისთვის ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის წამალია, რადგან თრომბოზის მაღალი რისკი აქვს. 

ანას „ელიქუისს“ საზღვარგარეთიდან იწერდა, რაგდან თვენახევრის დოზა უფრო იაფი უჯდებოდა, ვიდრე ერთი თვის დოზა საქართველოში. მან არ იცოდა საქართველოში ელიქუისის პროგრამის არსებობის შესახებ, სანამ მეგობარმა არ უთხრა. თუმცა, სახელმწიფო სუბსიდიის მიუხედავად, ანასთვის ეს წამალი მაინც ძვირია. „ორი თვის წინ 72 ლარი ღიდა, ახლა 78“, ამბობს ანა. 

ნინო ხუნაშვილი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოლოგიის განყოფილების უფროსი, ამბობს, რომ „ელიქუისი“ ძლიერი სისხლის გამათხელებელია და საქართველოში ხშირად ინიშნება. 

„ძვირი მედიკამენტია, ამ ჯფუფის ყველა მედიკამენტი ძვირია“, — უთხრა მან OC Media-ს.

OC Media-მ „ელიქუისი“ აფთიაქებშიც მოიკითხა. პაციენტმა მედიკამენტი ფორმა 100-ით უნდა შეუკვეთოს, შემდეგ ის თურქეთიდან ჩამოდის, რასაც სამი კვირა სჭირდება. საქართველოში მედიკამენტი ხელმიუწვდომელია. 

ანას დედის მედიკამენტების საერთო ღირებულება თვეში 400 ლარამდეა, მისი პენსია ამის მხოლოდ ნახევარს ფარავს. 

ამჟამად ანა კუს ტბასთან გახსნილ ჯიხურში მუშაობს. იმედი აქვს, რომ ძველი შემოსავლის მცირე ნაწილს მაინც გამოიმუშავებს. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media.

თეიმურაზიშვილი არ ფიქრობს, რომ საკუთარ პროფესიას მალე დაუბრუნდება. როგორც თავად ამბობს, ტურისტების უმრავლესობა რუსი ან რუსულენოვანი იყო და საზღვრების გახსნის შემთხვევაშიც კი, ის არ ჩათვლიდა მუშაობას უსაფრთხოდ.

„ტურიზმი მარტამდე არ იქნება, მანამდე ჩემნაირები, ვინც ორმოცდაათს არის გადაცილებული, უარაფროდ რჩებიან. ჩემი თაობის ხალხი არავის არ აყავს“.

როცა ანამ სახელმწიფო სუბსიდიის პროგრამას მიმართა, ტურისტული გიდის კატეგორია ვერ ნახა. 

„სახელმწიფოსთვის ტურისტული სექტორი არის სასტუმრო და ტუროპერატორი“, — ამბობს ის, — „და აზრი არ აქვს სამოგზაუროდ „მწვანე ზონად“ გამოცხადებას. ეს მხოლოდ საქართველოს კრიზისი არ არის. სომხეთი და აზერბაიჯანი უარეს მდგომარეობაში არიან. ხალხი აქ მხოლოდ საქართველოსთვის არ ჩამოდის“. 

სტატია მომზადდა „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.