fbpx

Become an OC Media Member

Support independent journalism in the Caucasus: Join today

Become a member

მოსაზრება | საქართველომ პოლიტიკა უნდა შეცვალოს და აფხაზები და ოსები კონფლიქტის მხარეებად აღიაროს

სოხუმი (დომინიკ ცაგარა /OC Media)
პაატა ზაქარეიშვილი — კონფლიქტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი (2012-2016).

საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტების დაწყებიდან უკვე 25 წელზე მეტი გავიდა და ეს საკმარისზე მეტი დროა, რათა ქართულმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ელიტამ გაიაზროს და შეაფასოს, თუ რა და რატომ მოხდა, საჭიროა თუ არა მიღწეულის გადაფასება, პოლიტიკის გადახედვა —  არსებული შედეგი არის თუ არა მისაღები და საჭიროა თუ არა რაიმეს შეცვლა.

25 წლის შემდეგაც კი ნათელია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებში (და არა კონფლიქტში) ჩართულმა ვერც ერთმა მხარემ ვერ მიაღწია თავის მიზანს.

რუსეთის ამოცანა  იყო მკაფიო — დაებრუნებინა საქართველო თავის ორბიტაზე — მაგრამ მოხდა პირიქით. რუსეთის მოქმედებებმა, კონფლიქტებში მხარედ წარმოჩენამ, კიდევ უფრო მეტად მოახდინა საქართველოს განრიდება რუსეთის ორბიტიდან.

მიზნებს ვერ მიაღწიეს აფხაზურმა და სამხრეთ ოსურმა საზოგადოებებმაც. საერთაშორისო თანამეგობრობის აღიარებით, მათ ვერ მიაღწიეს სანუკვარ დამოუკიდებლობას. რაც მთავარია, 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ ისინი ხედავენ, რომ აფხაზური და ოსური საზოგადოებების პერსპექტივები შეიძლება, სწორედ რუსეთის მხრიდან მათი მორიგი ანექსია იყოს, თუ მათ სხვა გამოსავალზე არ დაიწყეს ფიქრი.

საქართველომაც, მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, ვერ მიაღწია მიზანს — ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

ვინაიდან ვერც ერთმა მხარემ ვერ მიაღწია თავის სანუკვარ მიზანს, ამიტომ ნებისმიერ მათგანი იტოვებს იმედს, რომ ადრე თუ გვიან მიაღწევს მას, მოწინააღმდეგე მხარეების ინტერესების გათვალისწინების გარეშე. ჩემი აზრით, კონფლქტების სწორედ ის მხარე შეძლებს შექმნას ახალი დინამიკა კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით, ვინც დადგება საკუთარ ინტერესებზე მაღლა და მიწინააღმდეგის ინტერესების შესწავლას და გათვალისწინებას მოახერხებს. მე ვთვლი, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ყველაზე რეალური შანსი განახორციელოს გარკვერული გარღვევა კონფლიქტების მიმართულებით გააჩნია საქართველოს, თუმცა დღესდღეობით ის კვლავ აგრძელებს ერთსა და იმავე, უკვე კარგად გაცვეთილი, გზის ტკეპნას.

„ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი გრძელდება

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ცალსახად და მკაფიოდ აკრიტიკებს „ნაციონალური მოძრაობის“ განვლილ პოლიტიკას, კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მოგვარების მიმართულებით, ხელისუფლება პრაქტიკულად შეუცვლელად მიჰყვება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილ ნარატივს და სწორედ ეს არის ერთერთი მთავარი პრობლემა.

რას ეყრდნობა საქართველოს დღევანდელი პოლიტიკა, რომელიც სინამდვილეში კარგად დავიწყებული „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი პოლიტიკის გაგრძელებაა? ეს არის პოზიცია, რომ საქართველო არის რუსეთის მსხვერპლი, რუსეთი არის აგრესორი, ოკუპანტი და მან აღიარა საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებლობა. ამ პოზიციას მნიშვნელოვნად ამყარებს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული პოლიტიკაც. აქედან გამომდინარე, საქართველოს მოლოდინია, რომ მთელი მსოფლიოა ვალდებული, შეეწინააღმდეგოს რუსეთს და დაიცვას საქართველოს ინტერესები.

2008 წლიდან მოყოლებული საქართველოს ხედვები ამ ნარატივს ვერ გასცდა, ეს კი მნიშვნელოვნად ამუხრუჭებს კონფლიქტების მოგვარების პროცესს, ვინაიდან კონფლიქტების მოგვარება, პირველ რიგში, სახელმწიფოს საქმეა და მხოლოდ მეორე რიგშია მნიშვნელოვანი ამ საქმის საერთაშორისო მხარდაჭერა, თუმცა საქართველოს მთავრობას არ აქვს ეს მიდგომა.    

12 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო მორიგი რეზოლუცია დევნილების დაბრუნების საკითხზე. ევროპარლამენტმაც, 2008 წლის ომის ათი წლისთავზე მიიღო უპრეცედენტოდ მკაცრი რეზოლუცია რუსეთის წინააღმდეგ. ბუნებრივია, ქართული საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა კმაყოფილია საერთაშორისო თანამეგობრობის ასეთი პრინციპული მხარდაჭერით. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ეს რეზოლუციები დადებითად არ შეფასდეს, მაგრამ რა იმალება ამის უკან?

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიღებამდე ორი დღით ადრე, ევროპარლამენტის სესიაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა: „ყველა ჩვენი ქმედება ამ ორ რეგიონში სრულად კოორდინირებული და დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ და სრულად შეესაბამება საქართველოს ჩართულობის პოლიტიკას. ჩვენი პოლიტიკა [...] ზუსტად შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიდგომას“.

ეს მოსასმენად სასიამოვნო განცხადებაა, მაგრამ არსებითად არაფერს ნიშნავს.  ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგია არის ევროკავშირისა და დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერა, ხოლო ევროკავშირი გვპასუხობს, რომ საქართველოს მიერ ჩართულობის სტრატეგიას მიჰყვება. იკვრება მოჯადოებული წრე — ევროპა ელის, რომ ჩვენ რამეს გავაკეთებთ ჩართულობის მიმართულებით, ხოლო ჩვენ ველოდებით მათ აქტიურობას და ვთავაზობთ  „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დამტკიცებულ დოკუმენტს — „საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ“, რომელსაც არასდროს უმუშავია და დღემდე არც არანაირი ცვლილება განუცდია.

გაეროში ხმების თვლა გამოსავალი არ არის

ევროკავშირი, ისევე როგორც დასავლეთის მთელი რიგი ინსტიტუტები, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში უშუალოდ არიან ჩართულნი. ცხელ და მოუგვარებელ ფაზებში იმყოფებიან უკრაინისა და სირიის კონფლიქტები; ეჭვქვეშ დადგა ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმების რეალიზაცია. ამ და სხვა საკითხებში ერთი-ორად ძლიერდება რუსეთის თანმიმდევრული და შემტევი პოლიტიკა, მაშინ, როცა დასავლეთის წამყვანი სახელმწიფო — აშშ ავლენს მერყეობას და ხშირად ახორციელებს არათანმიმდევრულ, ურთიერთგამომრიცხავ პოლიტიკას. ჩვენს რეგიონში ძლიერდება რუსეთ-თურქეთ-ირანის ღერძი.

არსებულ რთულ ვითარებაში ევროკავშირი, ნატო და სხვა ინსტიტუტები დიდი მონდომებით ეჭიდებიან ნებისმიერ მეტ-ნაკლებად წარმატებულ პროექტს. შეიძლება, ითქვას, რომ დღესდღეობით საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები დასავლეთისთვის ნამდვილად ითვლება  ერთერთ წარმატებულ პროექტად და ევროპას არ სურს, საქართველოს მიმართ ჰქონდეს კრიტიკული დამოკიდებულება ისეთ საკითხებში, როგორიცაა კონფლიქტების მოგვარება, სადაც საქართველოს მთავრობა ცალსახად ვერ ფლობს სიტუაციას. თუმცა, ყველა კონფლიქტოლოგმა კარგად იცის, თუ რამდენად პრინციპული და მკაცრია ევროკავშირი იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან, ან წევრობის კანდიდატები და თავიანთ ტერიტორიებზე ჯერ კიდევ მოუგვარებელი აქვთ კონფლიქტები. მაგალითისთვის შორს წასვლა არაა საჭირო: კვიპროსი, სერბეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა და მრავალი სხვა.

აღწერილი გარემოება იწვევს შეშფოთებას — ამ მიმართულებით მსვლელობა ხომ არ მოადუნებს ჩვენს ყურადღებას და დროულად ვერ  ვიგრძნობთ საფრთხეების მოახლოებას? ყალიბდება განწყობა, რომ მთავარი მნიშვნელობა აქვს არა იმას, თუ როგორი ფორმით მოხდება აფხაზებთან და ოსებთან შერიგება, არამედ იმას, თუ რამდენ ხმას მოვიპოვებთ, მაგალითად, გაეროში.

ეს განწყობა ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ასეთი რეზოლუციების მიღებაში უკვე 10 წელი გავიდა და არსებითად არაფერი შეცვლილა. დევნილები ამ რეზოლუციებით ვერ ბრუნდებიან სახლებში. მივაღწიეთ მხოლოდ იმას, რომ ყოველ წელს თითო სახელმწიფოთი მეტი აძლევს ხმას ჩვენს სასარგებლოდ გენერალურ ასამბლეაზე გატანილ რეზოლუციას. ასევე თითო-თითო ხმას მოიპოვებს თავისი პოზიციის სასარგებლოდ რუსეთიც.

თუ გავითვალისწინებთ, რომ, დაახლოებით, 60-მდე სახელმწიფო თავს იკავებს რეზოლუციის მიმართ თავისი პოზიციის დაფიქსირებისგან და კიდევ 40-50 სახელმწიფო საერთოდ არ მონაწილეობს კენჭისყრაში, არც თუ ისე ძნელია, გამოვთვალოთ, რამდენი წელი ვიქნებით ჩვენ და რუსეთი ბედნიერები ჩვენს სასარგებლოდ მოპოვებული ხმების თვლაში. ნუთუ, ეს არის წარმატება? ნუთუ, ეს არის ის, რითაც ხელისუფლებას შეუძლია, თავი მოიწონოს მოსახლეობის წინაშე?

„არაფერია ჩვენი ბრალი“

ძალიან საფრთხისშემცველია ისეთი კომფორტული გარემო, სადაც ჩვენი ბრალი არაფერი არის. ყველაზე საშიში ის არის, არ გაჩნდეს განცდა, რომ მაინც ვერ ვიბრუნებთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, ვერ ვიბრუნებთ ამ ხალხებს, ამიტომ მათთან ლაპარაკს აზრი არა აქვს და მთელი პასუხისმგებლობა რუსეთზე გადავიტანოთ.

ადრე თუ გვიან ეს პოლიტიკა კრიზისში შევა და დავიწყებთ იმ წერტილის ძებნას, საიდანაც შეუძლებელი გახდა პროცესების ჩვენს მიერ მართვა. დარწმუნებული ვარ, მაშინ ქართული საზოგადოება პრობლემების ძებნას  თავის თავში არ დაიწყებს, არამედ ვიტყვით, რომ დასავლეთმა ჩვენი მოლოდინები არ გაამართლა, ბოლომდე არ დაგვეხმარა. ისევ დავიწყებთ პრობლემების სხვებზე გადაბრალებას და რუსეთის აგრესიასთან ერთად დასავლეთის პასიურობას ვაქცევთ „განტევების ვაცად“.

დღეს კი მთელი ყურადღება გადატანილი გვაქვს დასავლეთზე, რომელსაც ჩვენთვის არ სცალია და ამიტომ იღებს ქართული ყურისთვის საამო რეზოლუციებს, რომელთა მარგი ქმედების შედეგის დანახვა შეუიარაღებელი თვალით პრაქტიკულად შეუძლებელია.

მე ჩემი ხედვების შესახებ ჯერ კიდევ 2014 წლის ივნისში ვწერდი, როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების თაობაზე დოკუმენტში.

სამწუხაროდ, ამ დოკუმენტმა ვერ გაიარა სამთავრობო ბიუროკრატიული ფილტრი ისე, რომ ვერ დაიმსახურა პოლიტიკური განხილვის პროცედურებიც კი და სამუდამოდ დაიდო ბინა სახელმწიფო მინისტრის არქივში. თუ საქართველო სერიოზულად ფიქრობს, ჩიხიდან გამოვიდეს, თუ არსებობს პოლიტიკური ნება, შეიცვალოს გზები, ვიდრე გვიანი იქნება, არის რამოდენიმე ნაბიჯი, რომელიც ქვეყანამ უნდა გადაგდას კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებისთვის.

ნაბიჯი 1: აღადგინოს ორმხრივი ურთიერთობები აფხაზებთან და ოსებთან

საქართველოს მთავრობამ, პირველ რიგში უნდა აღადგინოს პირდაპირი კონტაქტები აფხაზურ და სამხრეთ ოსურ მხარეებთან. უნდა აღიაროს, სცნოს ისინი მოლაპარაკებისა და კონფლიქტის მხარეებად.

ასეთი კონტაქტები აუცილებელია რეგულარულად, ჟენევის ფირმატის გარეთაც. როგორც ცნობილია, ჟენევის ყოველი შეხვედრა რეალურად მიმდინარეობს ნახევარი დღის განმავლობაში და ამ ნახევარ დღეში განიხილება სამი კონფლიქტის საკითხები (საქართველო-რუსეთის, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები).შეუძლებელია, სამ თვეში ერთხელ, ნახევარი დღის განმავლობაში განხილულ იქნას ყველა აქტუალური საკითხი.

რა თქმა უნდა, რუსეთი არსებით გავლენას ახდენს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებებზე, მაგრამ მათ თუ არ დაელაპარაკები, ამით კიდევ უფრო აძლიერებ რუსეთის პოზიციებს. რუსეთს გავლენა აქვს სწორედ იმიტომ, რომ 2004 წლიდან, მაშინ, როცა ჩამოყალიბდა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი პოლიტიკა კონფლიქტებზე,  ჩვენ მთლიანად გადავაბარეთ მას ეს გავლენები.

დღევანდელი მთავრობა კი სიჯიუტით იმეორებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დადგენილ ნარატივს, რომ კონფლიქტი გვაქვს მხოლოდ რუსეთთან და აფხაზურ და სამხრეთ ოსურ მხარეებს არც კი აღიქვამს სერიოზულად.

ახლა მთავარი ამოცანაა, რომ, მიუხედავად ბევრი რისკისა, მაინც არ უნდა გავუშვათ ხელიდან ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები, რამდენადაც გავლენა არ უნდა ჰქონდეს ამაზე რუსეთს.

ნაბიჯი 2: გავუხსნათ ხელები ევროპას

მეორე მიმართულება, რასაც თანმიმდევრულად უნდა მიყვებოდეს საქართველოს ხელისუფლება, არის ის, რომ დაუშვას მეტი ევროპული ინსტიტუტები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე. მაგალითად, კვიპროსი არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ჩრდილოეთ კვიპროსში, რომელიც გაეროს რეზოლუციების თანახმად ოკუპირებულად ითვლება, მუშაობს ევროკავშირისა და სხვა დასავლური ინსტიტუტების წარმომაგენლობები, პროგრამები და პროექტები.

საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არა ვართ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, თუმცა მივისწრაფვით ამ მიზნისკენ, გვინდა, ნება დავრთოთ ევროკავშირს განახორციელონ პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ევროპული ღირებულებების დამკვიდრებას.

საქართველოს ხელისუფლება უნდა დათანხმდეს, რომ ეს პროექტები განხორციელდება არა თბილისიდან, არამედ ბრუსელიდან. არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა დაბლოკოს ევროკავშირის ინსტიტუტების საქმიანობა აღნიშნულ ტერიტორიებზე, თუმცა, ამით, როგორც აფხაზური და ოსური საზოგადოებები, ისე დასავლური ინსტიტუტები ცალსახად დარწმუნდებიან, თუ ვინ უშლის ხელს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას.

ნაბიჯი 3: დემოკრატიზაცია, დემოკრატიზაცია, დემოკრატიზაცია

მესამე მიმართულება არის, საკუთრივ საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესის გამყარება და შეუქცევადობა. აფხაზურმა და ოსურმა საზოგადოებებმა უნდა დაინახონ პრინციპული განსხვავება საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ რეჟიმებს შორის. ასეთ განსხვავებას ისინი ჯერ ვერ ხედავენ.

ისინი ხედავენ, რომ აქ არსებული ნებისმიერი მმართველი პოლიტიკური ძალა, როგორც კი ხელისუფლებას მოიპოვებს, ნებისმიერი მანქანებით, ცდილობს მის შენარჩუნებას. ჯერ, მათი გადასახედიდან, საქართელოში არ დამყარებულა დემოკრატიის ისეთი დონე, რაც მათ შეუქცევად საქართველოთი დააინტერესებს.

ნაბიჯი 4: ეკონომიკური ზრდა

მეოთხე მიმართულება არის ეკონომიკური აღმავლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკონომიკურმა პოტენციალმა და მისმა ევროპულმა ვექტორმა, აფხაზები და ოსები უნდა დააჯეროს, რომ მათი ჩართულობა ქართულ ეკონომიკაში უფრო მეტ პერსპექტივებს უხსნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის, განსაკუთრებით, რუსეთთან შედარებით.

სტატიის თავდაპირველი ვერსია გამოქვეყნდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და შეიძელბა, არ გამოხატავდეს OC Media-ს შეხედულებებს.