თ. გ., გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მცხოვრები, 70 წლის
„აქაც რომ დაიწყეს სახლების დაწვა, ჩემი ბიძაშვილების სახლები დაწვეს, იძულებულები გავხდით, რომ გავქცეულიყავით. უკვე შეგვეშინდა, რომ დაგვწვავდნენ. გავიქეცით.“
1992 წელს იყო ომი, მაშინაც ომში ვიყავით. მერე კიდევ მოხდა 2008 წელს, გავიქეცით. ოთხი წლით დავტოვეთ აქაურობა. ცოლ-შვილიც მიმყავდა თან, სადაც გავიქცეოდი.
2008 წლის აგვისტოს ძალიან მძიმე დღეები იყო, სულ სროლები. აი, კედლები დაგლეჯილია, სახურავი სულ დახვრეტილებია მაღლა, მაგრამ არ მივდიოდით.
13 [აგვისტო] იყო, დისევის დაწვა რომ დაიწყეს. მაშინ ძალიან შეგვეშინდა. აქაც რომ დაიწყეს სახლების დაწვა, ჩვენს სოფელში, ჩემი ბიძაშვილების სახლები დაწვეს, იძულებულები გავხდით, გავქცეულიყავით, უკვე შეგვეშინდა, რომ დაგვწვავდნენ. გავიქეცით.
ერთი დღე ფეხით ვიარეთ. სათემოში ჩავედით, მერე წეროვანში ჩავედით, იქ შევეკედლეთ ვიღაცას, მერე იქიდან იგოეთში ჩავედით ფეხით. მოგვიანებით ჩემი სიძე ამოვიდა, თბილისში ცხოვრობს. თბილისში ჩაგვიყვანა. იქიდან გამოგვიყვანეს გორში და მოგვცეს ოთახი პირველ საბავშვო ბაღში ლალი ბაიაძესთან [ბაღის გამგე]. დიდ ხანს ვიყავით იქ, სამი წელი ან მეტი.
ზოგჯერ სოფელში გადავიპარებოდით ხოლმე, მაგრამ ახალი არაფერი იყო. გაგვიხმა ყველაფერი. მართლა ცოდოა ხალხი.
განა მარტო ეს სოფელია ცოდო. აი, ეს სოფლები კოშკა, გუგუტიანთკარი, მერეთი – სულ ცოდოა ეს სოფლები. ახლა საჭმელი – ვაშლი ხალხს არა აქვს, დახმა ბაღები.
მართლა შიმშილით კი არ ვიხოცებით, მაგრამ ცოტა ფული უნდა ხალხს, რომ ხელი მოინაცვლონ, ნამყენი ჩარგონ, ან შეწამლონ, არ გვეხმარება არავინ. აი, სააკაშვილის დროს ფქვილი მაინც მოჰქონდათ ხოლმე, მაკარონი ხომ არაფერია, მაკარონი მოჰქონდათ, ზეთი. ახლა რამდენი ხანია, არავის არაფერი ყურადღება არ მოუქცევია.
„დაიკარგა ურთიერთობა“
ცხინვალში ვმუშაობდი 12 წელი მძღოლად. კარგი ძმაკაცები, კარგი მეგობრები მყავდა, კარგი ურთიერთობები მქონდა. დავრჩენილვარ, გვიქეიფია ბევრჯერ.
იქით მხარეს იმათი აღარაფერი ვიცი. ალბათ ზოგი დაიხოცა. დაიკარგა ურთიერთობა, იმიტომ რომ იმათ ჩვენი ნომერი არ იციან, ჩვენ იმათ ნომერი არ ვიცით. ვერანაირად ვერ ვხვდებით ერთმანეთს.
ვლადიკავკაზში ვისაც ნათესავები ჰყავს, იქ რეკავენ. მეც მინდა ხოლმე, დავურეკო იქაურებს და ვიძმაკაცო ისევ. ცხინვალშიც შემიძლია, ვიძმაკაცო, ისევ მყავს ვიღაცები, სულ ხომ არ დაიხოცებოდნენ, კაცო.
„ეგ მარტო სახელმწიფოზეა დამოკიდებული?“
მე მგონია, რომ წინ უნდა წავიდეთ, უკან ხომ არ წავალთ? არ ვიცი, როგორ იქნება, შეიძლება, ისინიც ჭკუაზე მოვიდნენ, რომ ერთად ვიყოთ და კარგად ვიყოთ.
ეს ნათესაური კავშირები, რომ არ უშვებენ, იკარგება. რუსები არც იმათ უშვებენ და არც ჩვენ, საერთოდ. იქ რუსები და ოსები შედიან, ქართველს იქ არ შეუშვებენ.
რასაც ახლა ვუყურებ, პარლამენტში ერთმანეთს ჭამენ და ჩვენ რა ვქნათ? პარლამენტში თუ არ იქნება მშვიდობა, გარეთ როგორ იქნება? ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული? ეგ მარტო სახელმწიფოზეა დამოკიდებული?
სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი და გლეხ ხალხს არაფერი შეუძლია? მე რამდენიც უნდა ვილაპარაკო, არაფერი არ უნდა გამოდიოდეს? ხალხს რატომ არ უსმენენ? მხოლოდ ჭამენ და ჩხუბობენ. მე არ მეშინია მაგათი, საერთოდ არ მეშინია. არც ოპოზიციაში ვარ. სადაც კარგი ხალხია, იქ მივდივარ. სოფლები გაბრაზებულია. სულ იგინება ხალხი, ვინ მისცემს კიდე ხმას, არ ვიცი!
„ეგენიც ხომ ხალხია, კაცო“
პოლიციის საგუშაგო სოფელს შუაზე ჰყოფს. იქით ზარდიანთკარელი ოსები ცხოვრობენ, ზარდიანთკარელ ოსებთან ძალიან ახლოს ვართ, ოჯახის წევრებივით ვართ, ისე, რომ ზედმეტ სიტყვას არ გაკადრებენ, არც - ჩვენ. მშვიდობა უნდათ მათაც.
როდემდე ვირბინოთო აქეთ-იქით? ეგენიც ხომ ხალხია, კაცო. ბოლობოლო რა ქნან მათაც. ომი რომ დაიწყება, ჩვენც გავიქცევით, ეგენიც გამოიქცევიან.
1990-იანი წლების დროს კარგად შევინარჩუნეთ ერთმანეთი, მაშინ ზედ ვეფარებოდით, რომ არ დაეწვათ სახლები, მთელი სოფელი, მაშინ აქ არაფერი დაწვეს. ახსოვთ, თუკი მე მახსოვს, იმათაც ხომ ახსოვთ?!
თუ გახსნიან [გზას], გამიშვებენ და ცემით არ მომკლავენ, წყნარად შევალ იქ და ვიყიდი რამეს. შეიძლება, ან ფქვილი ვიყიდო ან ზეთი ოჯახისთვის, რაც შედარებით იაფია იქ. მერე უკვე იქ ვიღაცას ნახავ, სამეგობროს ნახავ, ნათესავი შეგხვდება ვიღაც და მერე ისევ შევთვისდებით.
ახლა კიდე, ხელჩუაში არის ლაპარაკი გზის გახსნაზე. მე ასე მგონია, რომ იმათაც ძალიან უნდათ. მე ახლა ცხინვალში არ მაქვს საქმე, მაგრამ ამ სოფლებს უნდათ, რომ გაიხსნას გზა. ქორწილი, ჭირი, ლხინი – სულ ერთად ვიყავით ხოლმე, კაცო, ხელჩუაში.
„ღმერთმა ნუ ქნას, ომი და იწყოს“
მშვიდობა გვინდა ჩვენ. მე მთავრობის იმედზე აღარ ვარ, არ მინდა აღარაფერი. აი, ცოტათი რომ სცენ პატივი ხალხს, ჩვენ ხალხს, კოშკას, გუგუტიანთკარს, ზრდიაანთკარს. ცოტათი რომ დაგვეხმარონ, პატარა კომპენსაცია რომ მისცენ, თუნდაც, ათასი მანეთი მისცენ, ან ორი ათასი [იგულისხმება ლარი], ამათთვის ხომ არაფერია?!
ასე არ უნდა ვცხოვრობდე. მე რომ ჩემი ვაშლი მეყიდა ეს წლები, ასე არ ვიცხოვრებდი. შვიდი წელიწადი 800 ყუთ ვაშლს ვკრეფდი ხოლმე. სამი წელია, აქ ვართ და არაფერი პატივი არ უციათ. აი, ასეთ წვალებაში და უბედურებაში ვართ. მაგრამ, ღმერთმა ნუ ქნას, ომი დაიწყოს, შვილო, ომს ყველაფერი სჯობს.
[წაიკითხეთ ხმა კონფლიქტის მეორე მხრიდან: მ. კ., 27, ცხინვალი — „დღემდე არ მჯერა, რომ ყველაფერი დამთავრებულია“]
პუბლიკაცია რედაქტირებული ვერსიაა გოგა აფციაურის სტატიისა, რომელიც ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტისთვის მომზადდა დიდი ბრიტანეთის კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ტექსტში გამოყენებული ადგილების დასახელებები და ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს OC Media-სა და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის შეხედულებებს.