ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში მომხდარი აფეთქების შემდეგ, რომელმაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ექვსი კი მძიმედ დაშავდა, საწარმოო პროცესი დროებით შეწყდა. ამის შემდეგ მეშახტეთა გარკვეული ნაწილი სამუშაოდ უცხოეთში წავიდა, ნაწილმა კი ახალი მმართველის პირობებში გააგრძელა მუშაობა. ამ პერიოდის განმავლობაში მეშახტეების სამუშაო პირობები ოდნავ გაუმჯობესდა.
32 წლის ხვიჩა გაბუნია პროფესიით ეკონომისტია. მინდელის სახელობის შახტში, რომელიც ერთადერთი დიდი საწარმოა ქალაქში, მუშაობა 10 წლის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც თავისი სპეციალობით სამსახური ვერ იშოვა.
„ტყიბული შახტის გარეშე ვერ იარსებებს“, — უთხრა მან OC Media-ს.
ტყიბულის შახტში დაახლოებით 1 200 ადამიანია დასაქმებული, რაც ქალაქის მოსახლეობის 13%-ს შეადგენს.
2018 წლის ივლისში, როდესაც შახტში მომხდარი აფეთქების შემდეგ ოთხი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა, ტყიბულში ქვანახშირის მოპოვება შეაჩერეს.
საქართველოს მთავრობასა და შახტის ყოფილ მმართველ კომპანია შპს „საქნახშირს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, საწარმოს ხელახლა ამუშავებამდე მეშახტეებს ხელფასი უნდა დარიცხვოდათ. მაგრამ შახტში მუშაობის შეჩერებიდან ერთი წლის შემდეგ მუშებისთვის ხელფასების გაცემა შეწყდა, მიზეზად კი თანხის გამოლევა დასახელდა.
მეშახტეთა ნაწილი უკეთესი სამუშაო პირობების საძებნელად საზღვარგარეთ, პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში, წავიდა, სადაც ასევე ქვანახშირს მოიპოვებენ. სხვები დარჩნენ და დაპირებული ხელფასებისთვის გააგრძელეს ბრძოლა. ბოლო წარმატებული გაფიცვისა და საწარმოს მფლობელი კომპანიის ცვლილების შემდეგ შახტი ისევ გაიხსნა, თუმცა ბევრი მეშახტე დღემდე შიშობს, რომ უკეთესობისკენ ისევ ძალიან ცოტა რამ შეიცვლება.
ტრაგიკული შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ტყიბულის შახტში საწარმოო პროცესის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა.
საქართველოს პროკურატურაში გვითხრეს, რომ აქედან ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე გამოძიება სულ 16 შემთხვევაზე დაიწყო. ექვსი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდა.
მხოლოდ შვიდ ფაქტზე დადგინდა უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო სამუშაოების წარმოებისას და 15 პირი მიეცა პასუხისგებაში, სამ საქმეზე გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, რაისა ლიპარტელიანმა, OC Media-ს უთხრა, რომ გამოძიების მიუხედავად, რეალური დამნაშავეები, შპს „საქნახშირის“ მაღალი თანამდებობის პირები, ისინი, ვინც რეალურად პასუხისმგებელნი არიან უსაფრთხოების სტანდარტებზე, განსასჯელის სკამზე არ სხედან.
„როცა გარდაცვლილების ოჯახის წევრები ხედავენ, რომ ბრალდებულის სკამზე უდანაშაულო ადამიანები სხედან, საქმეები სასამართლომდე არ მიაქვთ და საპროცესო შეთანხმებები დგება ხოლმე“, — გვითხრა ლიპარტელიანმა.
ტყიბულის პირველადი პროფკავშირის ხელმძღვანელი და პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ დოლაბერიძე, შახტის ახალ კომპანიაზე იმედებს ამყარებს და დადებით ცვლილებებს ელოდება.
„ახალი კომპანია ყურადღებას აქცევს დისციპლინას და ის დაპირება, რომ ისინი გაითვალისწინებენ უსაფრთხოების კუთხით შემუშავებულ ჩვენს რეკომენდაციებს, იმედს გვაძლევს“, — უთხრა დოლაბერიძემ OC Media-ს.
თუმცა მეშახტეები და მათი ოჯახის წევრები ოპტიმისტურად განწყობილები არ არიან.
35 წლის მინდია ბჟალავა ტყიბულის შახტშია დასაქმებული. ყოფილი მეშახტეებისგან განსხვავებით, ის ამბობს, რომ პრობლემა კომპანიასა და რეგულაციებში არ უნდა ვეძებოთ და რომ თოთოეულმა მუშამ თავის უსაფრთხოებასა და შახტიდან ცოცხლად ამოსვლაზე თვითონ უნდა იზრუნოს.
„არ ვიცი, შეიძლება, ტყიბული დაწყევლილია“, — უთხრა მან OC Media-ს. „შახტში მუშაობა სახიფათო საქმეა, სიფრთხილესა და ყურადღებას მოითხოვს“.
ტყიბულში მცხოვრები მედიკო წერეთელი იხსენებს, თუ როგორი სხვანაირი იყო ცხოვრება ტყიბულში წარსულში და ტრაგიკული საწარმოო შემთხვევებიც იშვიათი იყო.
16 წლის მედეა მიგინეიშვილის მამა მინდელის სახელობის შახტში მრავალი წელი მუშაობდა. თუმცა შახტში მიღებული საწარმოო ტრავმის შემდეგ, მუშაობას ვერ ახერხებს და დღეს უმუშევარია.
მიუხედავად დიპლომებისა და ნიჭისა, მედეა ამბობს, რომ მამამისს შახტში მუშაობა მოუხდა, რადგან ტყიბულში თავის სარჩენად სხვა გზა არ არსებობს.
„ყოველ დილით, როცა მამა სამუშაოდ შახტში მიდიოდა, ვეუბნებოდი: „მამა, გახსოვდეს, რომ სახლში მოხუცი დედა და პატარა ქალიშვილი გელოდება“. აქ ხალხს იმისათვის, რომ უბრალოდ იარსებონ, სასწორზე თავიანთი სიცოცხლის დადება უხდებათ“.
„იმდენი ტრაგედია ხდებოდა ირგვლივ, მეშინოდა მამაჩემი შემდეგი არ ყოფილიყო“, — ამბობს ის.
მედეა ფიქრობს, რომ ტყიბული ტრაგედიებს შეეჩვია და რომ მეშახტეთა ტრაგიკული სიკვდილი თითქოს ნორმა გახდა. მისი აზრით, ქალაქში არაფერი შეიცვლება მანამ, სანამ ხალხი არ გაერთიანდება და არ დადგება ერთად, თუმცა ის ვერ ხედავს რამდენად შესაძლებელია, ასე მოხდეს.
„რა უნდა ვქნათ, როცა ჩვენს ქალაქში სამუშაოები არ არის?“
მურთაზ მესხორაძე პოლონეთში სამუშაოდ ტყიბულის შახტში მუშაობის შეჩერების შემდეგ, 2018 წლის ნოემბერში, წავიდა. მან სამსახური კატოვიცეს შახტში იპოვა და თვეში 1 500 ლარს გამოიმუშავებს, რომელიც საქართველოში არსებული მის ხელფასთან შედარებით ორმაგია.
მიუხედავად უკეთესი ხელფასისა, ამბობს, რომ იქ არსებულმა სამუშაო პირობებმა იმედგაცრუებული დატოვა. მისი თქმით, ბონუსები, მე-13 ხელფასი წლის ბოლოს და დღესასწაულებზე მუშაობისას დანამატი მათთვის გათვალისწინებული არ არის.
„რთულია, როცა ხედავ, რომ უსამართლოდ გექცევიან, მაგრამ რა უნდა ვქნათ, როცა ჩვენს ქალაქში სამუშაო არ არის?“
პოლონეთის მიგრაციის სამსახურის ცნობით, 2019 წელს პოლონეთში მცხოვრები 5 500 საქართველოს მოქალაქიდან, სილეზიის რეგიონში 250-მდე ცხოვრობს, რაც ქართველი მიგრანტების 1%-ს შეადგენს.
გურამ კირკიტაძეც ძმასთან, გიორგისთან, ერთად კატოვიცეში სამუშაოდ 2018 წლის თებერვალში წავიდა. ძმები გაუსაძლის სამუშაო პირობებსა და დაბალ ხელფასს, 900 ლარამდე თვეში, გაექცნენ. პოლონეთში ისინი სამჯერ მეტს, 1 000 დოლარამდე, გამოიმუშავებდნენ თვეში.
თუმცა ექვსი თვის განმავლობაში პოლონეთის ქვანახშირის მომპოვებელ შახტში მუშაობის შემდეგ ისინი იმერეთში დაბრუნდნენ.
გურამ კირკიტაძის თქმით, ის შუამავლის, მამუკა ჩიხლაძის, მიერ დარჩა მოტყუებული. ჩიხლაძე მას კატოვიცეში სხვა სამუშაო პირობებს დაჰპირდა, თუმცა ადგილზე სულ სხვა სურათი დახვდა.
პოლონეთში ჩასვლამდე მას უთხრეს, რომ 1 000 ევროს გადაუხდიდნენ და არა 1 000 დოლარს, რომელიც, დაახლოებით, 10%-ით ნაკლებია. მას ასევე უთხრეს, რომ დამსაქმებელი საცხოვრებელი ფართის ღირებულებას გადაიხდიდა, თუმცა კომპანიამ მხოლოდ ბინის ქირის ნახევარი გადაუხადა.
„პოლონური ენა არ ვიცოდით და ამიტომ მოვტყუვდით“, — ამბობს კირკიტაძე, რომელიც ახლა ჭიათურის მაღაროში მუშაობს.
„სჯობს, 500 ლარი გქონდეს ხელფასი საქართველოში, ვიდრე — 1 000 დოლარი საზღვარგარეთ. ადგილობრივებთან შედარებით, ჩვენ მაინც ნაკლებს გადაგვიხდიდნენ, რადგან პოლონური ენა არ ვიცით“,— ამბობს ის.
პოლონეთში დაბრუნებას ის ისევ ფიქრობს, თუმცა, ამჯერად შუამავლების გარეშე.
„ქართველებს დაავიწყდათ, როგორია ფიზიკური შრომა“
მამუკა ჩიხლაძე მეშახტეების ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ის მათ ატყუებს, უარყოფს და ამბობს, რომ შედარებით დაბალ ხელფასზე მუშაობა — 17 ზლოტი (12 ლარი) საათში, მათ პირველ თვეში უწევთ, რადგან პირველი თვე დაკვირვების პერიოდია. მისი თქმით, ამ დრომდე მან პოლონეთში 80-მდე ქართველი მეშახტე დაასაქმა.
ის სამუშაოდ არა მხოლოდ გამოცდილ მეშახტეებს აგზავნის, არამედ ცდილობს, ისინიც დაასაქმოს კატოვიცეს შახტში, ვისაც შახტში არასდროს უმუშავია.
ჩიხლაძის განმარტებით, ქართველთა პოლონეთიდან დაბრუნების მიზეზი არის ის, რომ ისინი მძიმე შრომას მიჩვეულნი არ არიან.
„ქართველებს დაავიწყდათ შრომა“, — უთხრა მან OC Media-ს. „ფიზიკური მუშაობა რთულია. ამიტომაც ბრუნდება ათიდან სამი. ზოგიერთი გაუნათლებელია, ვიღაცები სვამენ და ადეპორტებენ მერე“.
მეშახტეები, რომლებიც პოლონეთში ჩიხლაძის მეშვეობით დასაქმდნენ, ამბობენ, რომ მისი ბრალდებები სიმართლე არ არის და რომ არცერთ მეშახტეს ჯერჯერობით ლოთობისა თუ ალკოჰოლის არამიზანშეწონილი მოხმარების გამო, დეპორტაცია არ შეხებია.
პოლონეთის მეშახტეთა პროფკავშირმა OC Media-ს კითხვებს კატოვიცეში მიგრანტი მეშახტეების სამუშაო პირობებზე არ უპასუხა.
„უსაფრთხოების ნორმები მკაცრად კონტროლდება“
მეშახტეებმა, რომლებიც პოლონეთიდან დაბრუნდნენ და ასევე მათ, ვინც ჯერ ისევ ცენტრალურ ევროპულ ქვეყანაში მუშაობენ, OC Media-ს უთხრეს, რომ განსხვავებით საქართველოსგან, ისინი კატოვიცეში მდებარე შახტში თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და ეს გამოწვეულია არა მარტო თანამედროვე სამუშაო ტექნიკით, არამედ სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიმართ დამოკიდებულებითაც.
„უსაფრთხოების წესები მკაცრად კონტროლდება. მთავარია, სამუშაო უსაფრთხოდ შეასრულო და, თუ რომელიმე დავალება ვერ შეასრულე, რადგან ის შეიძლება, საფრთხისშემცველი ყოფილიყო, ამის გამო შენ არავინ დაგსჯის. ტყიბულში კი პირიქით ხდებოდა“, — გვითხრა მურთაზ მესხორაძემ.
„პოლონეთში არის შრომის ინსპექცია და არავინ იცის, როდის შეამოწმებს ის შახტს. თუკი ისინი უსაფრთხოების წესების დარღვევას აღმოაჩენენ, კომპანია ძალიან მარტივად დაკარგავს წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას. ტყიბულში კომპანიას ორი თვით ადრე აფრთხილებდნენ, როცა ინსპექცია მოდიოდა“, — ამბობს ის.
ტყიბულელი მეშახტეები ამბობენ, რომ „საქნახშირის“ ყოფილ მმართველებს მხოლოდ ქვანხაშირის მოპოვება აინტერესებდათ და რომ მეშახტეებს ხელფასის გამო სიცოცხლის გარისკვა უხდებოდათ.
„კომპანია გვეუბნებოდა, „თუ არ მოგწონთ პირობები — წადით“. მე არ მქონდა სხვაგან წასასვლელი და ამიტომ ვიყავი მიჯაჭვული ამ სამსახურზე“,— ამირან ბაკურაძემ უთხრა OC Media-ს.
მუშები ამბობენ, რომ შპს „საქნახშირი“ მათ მუშაობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი სამუშაო აღჭურვილობით არ ამარაგებდა. ამიტომ ისინი იძულებულნი იყვნენ, შრომის ისეთი ელემენტარული ინსტრუმენტები, როგორებიცაა: ხერხი, ნაჯახი, ასევე სამუშაოსთვის აუცილებელი რეზინის ჩექმები სახლიდან მოეტანათ.
უყურადღებოდ რჩებოდა აგრეთვე უსაფრთხოებისთვის სხვა ძალიან სერიოზული პრობლემები. გურამ კირკიტაძის თქმით, შახტში სულ იყო ვენტილაციის პრობლემა და, როდესაც „ბრიზენტი“ იხეოდა, კომპანია შახტს ახლით არ უზრუნველყოფდა.
მეშახტეები დღესაც ამბობენ OC Media-სთან, რომ, მიუხედავად ახალი მფლობელისა, ვენტილაციის პრობლემა შახტში ისევ დგას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ედილაშვილი, ამბობს, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ახალი მენეჯმენტის პირობებში განხორციელებული შემოწმებების შედეგად ტყიბულის შახტში რაიმე კრიტიკული შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა.
რაც შეეხება სავენტილაციო მილებს, ედილაშვილმა OC Media-ს უთხრა, რომ აღნიშნული ეკუთვნის საწარმოს და მათი სწორი ექსპლუატაცია უშუალოდ სამუშაო ადგილზე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის მიერ უნდა მოხდეს.