ახალი ლიანდაგი ცენტრალურ საქართველოში ქვეყნის ინფრასტრუქტურის გათანამედროვების ამბიციური გეგმის ნაწილია. პროფესიული კავშირებისა და სახელმწიფო ინსპექტორების გაფრთხილებების მიუხედავად, რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების ყოველდღიურობა „ჯოჯოხეთად“ რჩება.
შუა იანვრის მოღრუბლულ დილას თევდორე ნაცაბიძე სოფლის ვიწრო, ტალახიან გზაზე მიაბიჯებს. გზას იგი სამშენებლო მოედანზე მიჰყავს, სადაც უბრალო მუშად მუშაობს. 58 წლის თევდორე ხარაგაულის სოფელ ნებოძირში ცხოვრობს და მეზობელ სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზეა დასაქმებული.
„აქ მანქანები თითქმის არ დადიან. ზოგჯერ კი მივყავარ „გრუზავიკებს“, მაგრამ ფეხით სიარული მირჩევნია. ფორმაში რომ ვიყო“, ამბობს და რკინიგზის ძველ ხიდს თამამად კვეთს.
„აქ ფრთხილად უნდა იყო. რამდენს დაჯახებია მატარებელი მარტო იმიტომ, რომ გვერდზე არ იყურებოდნენ“, ფრთხილობს თევდორე და გზას აგრძელებს. ბეჟათუბნის გაჩერებასთან მიახლოებისას, მარჯვენა მხარეს, გორაკის ძირას, სამშენებლო მოედანი ჩნდება, ხეობის გადაღმა კი — გვირაბის ერთ-ერთი ბოლო. ჟაკეტს ისწორებს და გორაკზე გათელილ ბილიკს მიუყვება.
როგორც კი ქვემოთ ჩადის, თევდორეს ოცამდე კაცი ხვდება, რომლებიც მოუთმენლად ელოდებიან ხაშურისკენ მიმავალ მატარებელს. მშენებელი კომპანიის სათავო ოფისი ხაშურშია. სწორედ იქ გადაწყდება, გაფიცულთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება, თუ — არა. თანდათანობით მომლოდინეთა რიცხვი იმატებს.
„თითოეული პროექტი ჩვენი ხალხის კეთილდღეობას ემსახურება“
გვირაბი, რომელზეც თევდორე მუშაობს, საქართველოს მთავარი სარკინიგზო ხაზის — თბილისი-ბათუმის — მოდერნიზების პროექტის ნაწილია. მშენებლობის ძირითადი ნაწილი ზესტაფონი-ხარაგაულისა და მოლითი-ქვიშხეთის მონაკვეთებზე მიმდინარეობს. პროექტის მთლიანი ღირებულება 260 მილლიონი შვეიცარული ფრანკია ($278 მილიონი).
ახალი ხაზი ზესტაფონი-ხარაგაულის ამჟამინდელ რელსებს ჩაანაცვლებს და ასევე მოლითსა და ქვიშხეთს დააკავშირებს ერთმანეთთან. პროექტის ფარგლებში რკინიგზას ექვსი ახალი გვირაბი დაემატება. როგორც სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზამ“ OC Media-ს უთხრა, ექვსიდან ხუთი გვირაბი უკვე აშენებულია.
გასულ წელს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, განაცხადა, რომ რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტის — სივრცითი მოწყობის — ნაწილია. მან პირობა დადო, რომ ახალი პროექტი ქვეყანას მოუტანდა სრულიად ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, ინფრასტრუქტურას — „ახალი და განახლებული რკინიგზის სადგურებით, პორტებით და აეროპორტებით, ტურისტული ინფრასტრუქტურით“.
კვირიკაშვილმა ხაზგასმით ისიც თქვა, რომ თითოეული ინვესტიცია, თითოეული პროექტი, „ხალხის კეთილდღეობას ემსახურება“. თუმცა ამ მშენებლობებზე დასაქმებული მუშები უკვე დიდი ხანია, განგაშის ზარებს რეკავენ და საფრთხის შემცველ სამუშაო პირობებზე მიუთითებენ.
მორიგი გაფიცვა
19 იანვარია — მეხუთე დღე, რაც 50-მდე ადამიანს შეწყვეტილი აქვს მუშაობა და შრომის უკეთეს პირობებს ითხოვს დამსაქმებელი კომპანიისგან. ეს კომპანია ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფია — ჩინური სახელმწიფო კომპანია „ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის“ შვილობილი.
„განა პირველადა ვართ გაფიცულები“, — ამბობს პროფკავშირელი გიორგი კიკნაძე, გაფიცულთა დე ფაქტო ლიდერი. მისი თქმით, კომპანიას „სიტუაციის გამოსწორების“ პირობა მრავალჯერ დაუდია, ერთ-ორი ნაბიჯიც გადაუდგამს, თუმცა საერთო პირობები კვლავ „გაუსაძლისია“.
30-წუთიანი მგზავრობის შემდეგ, გაფიცული მუშები ხაშურში რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების (რაპ) წარმომადგენლებს, ილია ლეჟავასა და პაატა ნინუას, ხვდებიან. რაპ-ი უკვე სამი წელია, რაც რკინიგზელების შრომით უფლებებს იცავს.
სანამ ეს 50-მდე ადამიანი ოფისის ეზოს გარეთ იცდის, პროფკავშირები ადმინისტრაციასთან შეთანხმებას აღწევენ. ადმინისტრაციაში ყველას ჰპირდებიან, რომ შვებულებასა და ბიულეტენებს სრულად აუნაზღაურებენ და გაფიცვაც სრულდება.
თუმცა გაფიცვის დასრულების შესახებ სიახლეს ცუდი ცნობები მოჰყვება — 26 მუშა „აღარ არის საჭირო“, რადგან გვირაბის მშენებლობა მალე მორჩება და საჭირონი მხოლოდ დარჩენილები არიან, ისიც — ცოტა ხნით.
დაბინძურებული წყალი და არაჰიგიენური გარემო
გაფიცვის შედეგებს ყველა არ დაუკმაყოფილებია. რკინიგზელებს ეჭვი ეპარებათ, რომ კომპანია ახლა მაინც მიხედავს მათ საჩივრებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამას გვასწავლის გამოცდილეობაო, გიორგი კიკნაძე ამბობს.
კიდევ ერთი მუშა, 44 წლის არსენ ლაცაბიძე, ბნელ გვირაბში დატოვებულ ელექტროკაბელებზე წუხს, რომლებიც „უყურადღებოდაა მიყრილი“. მისი თქმით, „კაბელებს ხშირად ტოვებენ გუბეებში“, რაც მომუშავეთათვის დენის დარტყმის საფრთხეს ზრდის.
გარდა იმისა, რომ ვერც ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა და არც შვებულებას გვინაზღაურებდაო, მუშები ყვებიან, რომ კომპანია კიდევ უამრავ პრობლემას ტოვებს უყურადღებოდ. ჯაბა ფერაძე, მაგალითად, გვიამბობს, რომ კომპანია მათ ხშირად არასაკმარისი რაოდენობის ხელთათმენებს ურიგებს.
„თვეში ორ-ორ წყვილ რეზინის ბოტებს გვაძლევენ, რაც არაა საკმარისი სამუშაოს სიმძიმიდან და რეჟიმიდან გამომდინარე. თანაც ამ ბოტებს დამცავი თავები არ აქვს, ფეხი გეტკინება, რამეს რომ მიარტყამ“, — ჩივის ფერაძე.
მუშების თქმით, სასმელი წყალი ყოველ წვიმაზე იმღვრევა.
„როცა ადმინისტრაციას ვთხოვეთ სასმელი წყალი მოგვიტანეთ-თქო, გვითხრეს, ცხენისწყალი დალიეთო“, — ამბობს ფერაძე.
ტუალეტები და საშხაპეები ჰიგიენის მინიმალურ სტანდარტებსაც კი არ აკმაყოფილებს. საერთო, განუცალკევებელ, საშხაპეში გამოყვანილი 10-ზე მეტი ონკანიდან მხოლოდ სამი მუშაობს. გამოსაცვლელი ოთახი დანაგვიანებულია და მის დასუფთავებას მუშებისგან ელიან, თავისუფალ დროს.
ბეჟათუბნის მიღმა
„აქ მუშაობა თან წყევლაა, თან — კურთხევა“, — კიკნაძე ამბობს და გვიხსნის, რომ მუნიციპალიტეტსა და მიმდებარე დასახლებებში სამუშაოს პოვნა, გამორიცხული თუ არა, ძალიან რთულია. „ჩვენ კი ვმუშაობთ აქ და 600-800 ლარამდე გვაქვს, მაგრამ რის ფასად? არ იცი, რა მოგივა შუა მუშაობაში“.
სულ რაღაც სამი დღის შემდეგ, რაც გაფიცვა დასრულდა, გვირაბის გეგმიური აფეთქების შედეგად სამი მუშა დაშავდა. მიუხედავად იმისა, რომ აფეთქება დაგეგმილი იყო, გვირაბის მეორე მხარეს მდგარი მუშები აფეთქებამდე არავის გაუფრთხილებია, დეტონატორები დავამონტაჟეთო. პოლიციამ გამოძიება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის იმ დღესვე დაიწყო.
22 იანვრის ტრაგედია არ ყოფილა პირველი შემთხვევა ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო ობიექტებზე, რომლის დროსაც ადამიანები დაშავდნენ. 2017 წელს, მაგალითად, ორი მუშა დაიღუპა ბეჟათუბანის ერთერთ გვირაბში. მაშინ კომპანიამ უარყო ბრალდებები უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ და განაცხადა, რომ მუშებს ყვენაირი აღჭურვილობა ჰქონდათ.
„ხალხი შავდება დროდადრო, მაგრამ არავინ ადმინისტრაციაში არ იღებს რამე წინასწარ ზომებს“, — ამბობს კიკნაძე.
ჩინეთის რკინიგზის 23-ე ჯგუფს ადრეც ადანაშაულებდნენ არასათანადო შრომითი პირობების შექმნასა და შრომის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევაში. 2017 წლის აპრილში რაპ-ის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა მეზობელ სოფლებში, ზვარესა და ძირულაში, ასეთივე დარღვევები გამოავლინა.
2016 წლის აგვისტოში სახალხო დამცველმა განცხადება გამოაქვეყნა ზვარეში მიმდინარე მშენებლობის შესახებ. განცხადებაში ეწერა, რომ დასაქმებულები მიუთითებენ შესაფერისი პირობებისა და უსაფრთხო გარემოს არარსებობაზე, ასევე ჰიგიენური ნორმების უგულებელყოფაზე. იქ ისიც ეწერა, რომ მუშებს საკუთარი შრომითი ხელშეკრულებები არ უნახავთ.
უყურადღებოდ მიტოვებული ინსპექცია
რაპ-ის აპრილის მონიტორინგის თანახმად, ადმინისტრაციამ მხოლოდ რამდენიმე პრობლემა მოაგვარა წინა მონიტორინგის შემდეგ — მუშებს რესპირატორული ნიღბები დაურიგა და ზოგიერთი კაბელი კედლებზე მიამაგრა. თუმცა პრობლემების უმეტესობა კვლავ პრობლემად რჩებოდა. მაგალითად, ასაფეთქებელი ნივთიერებების შენახვის წესი დარღვეული იყო — მათ იმავე ტრაქტორებში ინახავდნენ, რომლითაც ასაფეთქებლები გადაჰქონდათ. არც სპეციალური დამცავი ეკიპირება იყო მუშებისათვის გამოყოფილი.
კიდევ ერთმა მონიტორინგმა, ამჯერად გასულ აგვისტოში, აჩვენა, რომ კომპანიას მთავრობის მიერ 2014 წელს გამოცემული ბრძანება ჰქონდა დარღვეული — სავენტილაციო სისტემა გაუმართავი იყო და მუშებს სუნთქვა უჭირდათ.
რაპ-ის მიხედვით, პროფკავშირების ყოველი მონიტორინგის შედეგები კომპანიისთვის ცნობილია.
22 იანვრის შემთხვევაზე შრომის ინსპექციის რეკომენდაციები ჯერაც არ გამოქვეყნებულა, როგორც ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროში უთხრეს OC Media-ს. სამინისტროს თანახმად, ინსპექტორები ორჯერ ჩავიდნენ შემთხვევის ადგილზე ინციდენტის მიზეზების დასადგენად, რეკომენდაციები კი უკვე მზადდება.
სამინისტროს ცნობითვე, შრომის ინსპექციის დეპარტამენტმა 2016 წლიდან სამჯერ ჩაატარა შრომის ინსპექტირება ჩინეთის რკინიგზის ბიუროს ჯგუფის სამუშაო ადგილებზე ზვარესა და ბეჟათუბანში და 30-მდე დარღვევა გამოავლინა.
„გაიცა შესაბამისი წერილობითი რეკომენდაციები“, — გვითხრეს სამინისტროში.
თუმცა შრომითი ინსპექციის, ისევე, როგორც პროფკავშირების დამოუკიდებელი მონიტორინგის, შედეგებს იურიდიული ძალა არ გააჩნია. სწორედ ამის შეცვლის იმედით ითხოვენ შრომით უფლებებზე მომუშავე ჯგუფები პარლამენტისაგან შრომითი კანონმდებლობის შეცვლას.
მკაცრი შრომითი რეგულაციებისაკენ
ლინა ღვინიანიძე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სოციალური პროგრამის დირექტორი, მიიჩნევს, რომ ინსპექციის ახლანდელი წესი, 2015 წელს მიღებული, შეუძლებელია, ეფექტური იყოს, რადგან მხოლოდ რეკომენდაციების გაცემა შეუძლია და დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, დაუშვებს თუ არა სამუშაო ადგილზე ინსპექტორებს.
„ინსპექტირების მექანიზმის არაეფექტიანობის ცხადი მაგალითია ხარაგაულში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, სადაც, მიუხედავად ინსპექტირებისა და შესაბამისი რეკომენდაიების გაცემისა, შრომითი პირობები ვერ უმჯობესდება და მშრომელებს ისევ მძიმე პირობებში, სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, უწევთ მუშაობა“, — ამბობს ღვინიანიძე.
იგი დასძენს, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის არსებობის პერიოდში არათუ დაიკლო, არამედ მზარდია სამუშაო ადგილებზე დასახიჩრებული და დაღუპული მშრომელების რაოდენობა, რაც „ნათლად აჩვენებს სახელმწიფოს მხრიდან შრომის უსაფრთხოების კუთხით რეფორმის გატარების აუცილებლობას“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ OC Media-სთვის მოწოდებული ოფიციალური მონაცემებით, 2010-2017 წლებში, სამუშაოს შესრულებებისას, 359 ადამიანი დაიღუპა და 984 დაშავდა.
ორგანიზაციები, რომლებიც შრომით უფლებებს ლობირებენ, მათ შორის პროფკავშირები, EMC და სხვები, ახლა იმედებს ამყარებენ საპარლამენტო განხილვებზე, სადაც შრომითი კანონმდებლობის ცვლილებების პაკეტი მუშავდება. მათ მიაჩნიათ, რომ, თუკი კანონები იმგვარად შეცვალეს, რომ კომპანიებისთვის ჯარიმებიც ადეკვატური იყოს და ინსპექციასაც იურიდიული ძალაუფლება ჰქონდეს, ქვეყანა ერთი ნაბიჯით წინ წაიწევს ბრძოლაში სამუშაო ადგილზე სიკვდილიანობის მაჩვენებლების შესამცირებლად.
საქართველოს რკინიგზაში გვითხრეს, რომ რკინიგზა პასუხისმგებელია არა სამუშაო პირობებზე ან შრომით უსაფრთხოებაზე, არამედ — პროექტის ხარისხზე.
არჩილ გრიშაშვილმა, ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის დირექტორმა ხაშურში, ბრალდებებზე საპასუხო კომენტარზე უარი თქვა.