ი. ც., ქ. ზნაურის მცხოვრები, 52 წლის
„1988 წელს დავამთავრე მსუბუქი მრეწველობის ინსტიტუტი მოსკოვში. დავბრუნდი და გავთხოვდი ოჯახში, სადაც დედა ქართველი იყო, მამა — ოსი. მაშინ ასეთი ლოზუნგები ისმოდა: საქართველო — ქართველებისთვის, ოსები — ჩამოსახლებულები. აი, ასეთი ფრაზებისა და ლოზუნგების დეკლარირება ხდებოდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ჩვენს რაიონშიც იყვნენ ქართველები — ნაციონალისტები და ჩვენთანაც ატარებდნენ კრებებს.
ოსები, რომლებსაც ნაკლები ნათესაური კავშირი ჰქონდათ ქართველებთან, ქართველ ნაციონალისტებს სულ ეკამათებოდნენ. ხანდახან საქმე ჩხუბამდე მიდიოდა. ძალიან ბევრი ინციდენტი ხდებოდა, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა მილიცია და ყველაფერი მალე გვარდებოდა.
ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც მამაჩემს ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ქართველებთან. სახლში, სადაც გავიზარდე, ხშირად მოდიოდნენ ქართველები და ყოველთვის შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ქართველები იგივე ოსები იყვნენ.
გათხოვების შემდეგ, შერეულ ოჯახში ცხოვრების პერიოდში ჩვენთან ხშირად მოდიოდნენ ნათესავი ქართველები. კარგი და თბილი ურთიერთობების გარდა მე ცხოვრებაში სხვა არაფერი მინახავს.
„ადგილობრივი ქართველი მოვიდა, ისინი შემოსვლას აპირებენო... “
როდესაც ჩემი ქმარი მოვიდა და მითხრა, რომ უნდა წავსულიყავით და შვილები გადაგვერჩინა, იმიტომ, რომ ქართველები აპირებდნენ შემოსვლას, მაინც ვფიქრობდი, ეს შეუძლებელია-მეთქი. მაშინ ორი წლის ბიჭი მყავდა, მეორეს ველოდებოდი, შვიდი თვის ორსული ვიყავი.
ადგილობრივი ქართველი მოვიდა ჩემს ქმართან და უთხრა, ისინი შემოსვლას აპირებენ და, ყოველი შემთხვევისათვის, სჯობს, ცოლ-შვილი გაიყვანოო. დღემდე სულ ვლოცულობ ამ კაცისთვის.
იმიტომ, რომ, როცა შემოვიდნენ, პოზიცია პირდაპირ ჩვენს სახლთან დაიკავეს და ოთახი, სადაც ადრე მე და ჩემი შვილი ვიყავით, ტყვიებით იყო სავსე, ყველა შუშა ჩამტვრეული იყო, ბავშვის საწოლი მასრებით იყო სავსე, ანუ ჩვენი ბოლო ტრაგიკული იქნებოდა.
„სიცოცხლის გზა“
მე ჩრდილოეთ ოსეთში ბიძასთან გავემგზავრე. ზამთარი იდგა, მახსოვს. ძალიან დიდი თოვლი მოვიდა. თავს „სიცოცხლის გზით“ — ზარის გზით — ვუშველეთ. შვიდი საათი ფეხით მივდიოდი, ფეხმძიმე ქალი ბავშვით ხელში.
ჯავაში ნათესავი მელოდებოდა მანქანით. ვლადიკავკაზში წაგვიყვანეს და მეორე-მესამე დღეს ავადმყოფი ბავშვით საავადმყოფოში მოვხვდით. ორთვენახევარი საავადმყოფოში ვიწექით. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
შემდეგ ძალიან ვნერვიულობდი იმაზე, თუ როგორ ბავშვს გავაჩენდი — წარმოიდგინეთ, ორი წლის მძიმე ბავშვი ხელში და მე თვითონ შვიდი თვის ფეხმძიმე. ხან ერთ ნამქერში ვარდები ბავშვით და დგები, ხან — მეორეში.
„ქართველებმა ჩუმად დატოვეს სამხრეთ ოსეთი“
ივლისში, მას შემდეგ, რაც სამშვიდობოები შემოვიდნენ, უკვე ჩემი ორი ბავშვით დავბრუნდი სახლში. აქაურობა გაუკაცრიელდა. ძალიან ცოტა ადამიანი დარჩა. ვიღაცები დაბრუნდნენ, ვიღაცა ჩრდილოეთ ოსეთში დარჩა. მეზობელი ქართველებიც წავიდნენ.
მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ჩვენ გვერდით მცხოვრებმა ქართველებმა ქართველების შემოსვლამდე ჩუმად დატოვეს სამხრეთ ოსეთი. როგორც შემდეგ გავარკვიე, ისინი გაუფრთხილებიათ, რომ რამდენიმე დღით გასულიყვნენ და როდესაც რაიონს აიღებდნენ, უკან დაბრუნებულიყვნენ და ცხოვრება გაეგრძელებინათ.
მახსოვს, რამდენიმე ნაცნობ ქართველს, რომელიც საქართველოსკენ მიემართებოდა, ვეკითხებოდით: რა ხდება? რატომ მიდიხართ-მეთქი. ერთნი ამბობდნენ, ავად ვარ და ექიმთან მივდივარო, მეორე ამბობდა, ნათესავებთანო, ვიღაც ამბობდა, შვილებთანო. ისინი სხვადასხვა მიზეზს ასახელებდნენ. აი, ასე ჩუმად ტოვებდნენ რაიონს, ტოვებდნენ თავიანთ სახლებს.
ქართველი მეზობლები არ დაბრუნებულან. შეეშინდათ, იმიტომ, რომ ჩვენი ბიჭების დამსახურებით, რომლებიც ჯოხებით ხელში იცავდნენ ჩვენს მიწას, რაც ჩაიფიქრეს, ის ვერ განახორციელეს. ვთვლი, რომ ეს ჩვენი ბიჭების, ჩვენი შვილების უდიდესი გმირობაა.
„რა იცი, რა ხდება“
როგორც კი შებინდდებოდა, იმ წამსვე იწყებოდა სროლები „ალაზანიდან“. ჩემი შვილიც კი, რომელიც მხოლოდ ორი წლის იყო, ყოველთვის ფანჯარასთან ჯდებოდა და, როდესაც „ალაზანის“ რაკეტები ჩვენ მხარეს მოფრინავდნენ, ითვლიდა. აი, ასეთი ჩვევა ჰქონდა.
შიშიც ჩვევად გვექცა. შუქი არ გვქონდა, პროდუქტები ჭირდა, მაგრამ რაღაცნაირად ვუძლებდით. ალბათ იმიტომ, რომ მაინც სოფელში ვცხოვრობდით და რაღაც ბოსტნიდან გვქონდა, რაღაც მოგვყავდა, რის ვაი-ვაგლახით ვინახავდით პირუტყვს. გვიჭირდა, რა თქმა უნდა, ძალიან გვიჭირდა, მაგრამ ყველაზე მეტად უშუქობა გვტანჯავდა.
გაზიც არ გვქონდა. მუდმივად რაღაცის მოხარშვა, მომზადება მჭირდებოდა ბავშვებისთვის. ვამზადებდი შეშის ღუმელზე, მაგრამ შეშაც ჭირდა — საშიში იყო ტყეში სიარული: რა იცი, რა ხდება.
„ეს ყველაფერი პოლიტიკაა“
18 წელი დაძაბულობაში და მუდმივ შიშში გავატარე. ეს ძალიან მიმძიმდა. მჯეროდა, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი დამთავრდებოდა და იმედი მქონდა, რომ ჩვენს ხმას გაიგებდნენ. ველოდებოდით ჩვენი ტანჯვის დასრულებას, სიმართლის ზეიმს და ადამიანური ცხოვრების დაწყებას. რუსეთის დამსახურებით ასეც მოხდა. იმ დროისთვის, როცა რუსი სამშვიდობოები შემოვიდნენ, ჩვენი ცხოვრება გაცილებით უფრო დაცული გახდა.
ვთვლი, რომ ქართველი გლეხებიც ამ კონფლიქტის მსხვერპლნი არიან. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკაა. ვიღაცას სჭირდებოდა, რომ ორი მოძმე ერი — ქართველები და ოსები — ერთმანეთისთვის წაეკიდებინა. მე ხომ ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი ქართველი ნათესავები ჩემ წინააღმდეგ საომრად არასოდეს წამოვიდოდნენ.
დღემდე, როცა მათ ვეკონტაქტები, მათაც თვალებზე ცრემლი ადგებათ, ეს ყველაფერი არც მათ უნდოდათ. ისინიც ამ ბინძურ პოლიტიკურ თამაშში აღმოჩნდნენ ჩათრეული.
„ყველაფერი შეიძლება, მშვიდობიანად მოგვარებულიყო“
შემდეგ ყველაფერი თითქოს დაწყნარდა, წლების მანძილზე ყველაფერი ნელნელა გვარდებოდა. 2004 წლისთვის ჩვენთან საზღვარზე, გამშვებ პუნქტთან ბაზრობა მუშაობდა, სადაც ქართველები მუშაობდნენ. ანუ გაჩნდა ბაზრობა, სადაც ჩვენ, ოსები და ქართველები, ერთად ვვაჭრობდით.
ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი ორ ხალხს შორის ნდობის აღდგენისაკენ. კაცი იფიქრებდა, რომ ყველაფერი შეიძლება, მშვიდობიანად მოგვარებულიყო. იმედი გაჩნდა, რომ მალე ყველა გონს მოეგებოდა და ყველაფერი დალაგდებოდა.
მაგრამ საქართველოში სააკაშვილის მოსვლის შემდეგ ყველა ორმხრივმა მცდელობამ უკან დახევა დაიწყო. ჩემი შეხედულებით, მან ყველაფერს ამას დიდი ჯვარი დაუსვა.
2004 წელს ქალაქთან შედარებით ჩვენს რაიონში ასე თუ ისე სიმშვიდე სუფევდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა დაძაბული და შეშინებული იყო: ისევ ისვრიან, ისევ მსხვერპლია, ისევ ყველაფერი მეორდება. ცხადია, ეს ძალიან გვიმძიმდა.
„ამის გამეორება როგორ დაუშვით-მეთქი?!“
მაგრამ იმის გამართლება, რაც 2008 წელს საქართველოს მხრიდან მოხდა, ერთი პროცენტითაც არ შემიძლია. 1991 წელს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად დავზარალდით, მაგრამ ქართველები მეტად დაზარალდნენ, იმიტომ რომ დაკარგეს სახლები, ქონება და ყველაფერი, რაც ათეული წლების განმავლობაში ჰქონდათ მოპოვებული. ქართველებს მაშინ უფრო მეტად უჭირდათ, ვიდრე — ჩვენ. ჩვენ რაღაც დახმარებას მაინც ვიღებდით, ისინი კი...
მე მათ ვეკითხები: ასეთი ტანჯვის, საშინელებების გავლის შემდეგ 2008 წელს ყველაფერ ამის გამეორება როგორ დაუშვით-მეთქი?! მიპასუხეს, რომ ჩვენთვის არავის არაფერი უკითხავს, ჩვენც მოგვატყუეს და ასე გავხდით 2008 წლის ომის მსხვერპლიო. აი, როგორი პასუხი აქვს უბრალო გლეხ ხალხს.
საღამოს 8 საათი იყო [7 აგვისტოს]. დავინახე, რომ ჩემი რაიონიდან ხალხით სავსე ავტობუსი ჩამოვიდა. ვხედავ, სულ ყველა ჩვენები, ჩემი მეზობლები არიან. ვეკითხები, რა მოხდა? თქვენ აქ რა გინდათ-მეთქი. მიპასუხეს, იმიტომ წამოვედით, რომ ახლა იქ ყოფნა საშიშია, რადგან ქართველებმა ისევ ომი წამოიწყესო.
ჩემი შვილიც სასწაულად გამოიყვანეს იქიდან. ბავშვი ძალიან შეშინებული იყო. მერე დიდხანს დავდიოდით ექიმთან, ფსიქოლოგთან ვატარებდი. ღამე შეშინებული იღვიძებდა ხოლმე.
„18 წელი ვიცხოვრეთ ასეთ გაურკვევლობაში“
მე ომის დამთავრებიდან ხუთი დღის შემდეგ დავბრუნდი, თუმცა ქმარს ჩემი უკან დაბრუნება ჯერ მაინც არ უნდოდა. თვითონ აქ იყო, რაიონში. მე ჩამოვედი. ცხადია, გზაზე ნანახმა ძალიან შემაშინა, მაგრამ ჩვენს რაიონში ასე თუ ისე ქალაქთან შედარებით სიმშვიდე იყო. როგორც შემდგომ ცნობილი გახდა, ისინი ქალაქის მიწასთან გასწორებას გეგმავდნენ.
ცხადია, საშინელება იყო. 18 წელი ვიცხოვრეთ ასეთ გაურკვევლობაში, ვიცდიდით, რომ ყველაფერი გადაწყდებოდა. როდისღა ამოვისუნთქებთ მე, ჩემი შვილები, ჩემი ნათესავები, ჩემი ხალხი, როდისღა ვიცხოვრებთ ადამიანურად? ჩემმა საუკეთესო წლებმა იმ გაურკვევლობაში, შიშში გაიარა. დღეს გული მწყდება, რომ ამაზე არავინაა პასუხისმგებელი.
ჩემ გარშემო მცხოვრებმა ადამიანებმაც რამდენი წელი დაკარგეს. ეს ხომ 20 წელია! ეს მთელი თაობაა! ადამიანის ცხოვრება კი მოკლეა. ამ 20 წლის მანძილზე ბევრ რამეს გავაკეთებდი. მაგრამ ყველაფერს ჩამოვრჩი: მატერიალურადაც, მორალურადაც. სამი შვილის ფეხზე დაყენება დანგრეულ ქალაქში, დანგრეულ რესპუბლიკაში არც ისე იოლია.
„მოდი, გავიხსენოთ, ოსებო და ქართველებო, რამდენად ღრმა ნათესაური კავშირები გვაქვს“
პირადად მე იმით ვიმშვიდებდი თავს, რომ, როგორც იქნა, მშვიდობა დადგა. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა შემერყა, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩემმა შვილებმა თავიანთი გზა იპოვეს. ცხადია, ეს ყველაფერი დიდი რუსეთის დამსახურებაა.
იმის შიში დღემდე მაქვს, რომ ომი შეიძლება, ისევ დაიწყოს. როცა კითხულობ ხმამაღალ გაუაზრებელ განცხადებებს, რომლებსაც ზოგიერთი ქართველი პოლიტიკანი (მათ მხოლოდ ეს შემიძლია, ვუწოდო) აკეთებს იმის შესახებ, რომ კვლავ უნდათ ომის გამეორება, ყველაფერი ისევ ბრუნდება, ყველაფერი გახსენდება და შიში გიპყრობს.
იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი ჩვენ შორის ომს აღარ დაუშვებს. მოვუწოდებ ქართველ და ოს ხალხებს, რომ ჩვენ შორის მეტი მშვიდობისმყოფელი იყოს, რომ ჩვენ ყველას მშვიდობა გვსურდეს.
მოდი, გავიხსენოთ, ოსებო და ქართველებო, რამდენად ღრმა ნათესაური კავშირები გვაქვს და თუნდაც ამ კავშირების გულისთვის, ჩვენი შვილების გულისთვის, მხოლოდ მშვიდობაზე ვიფიქროთ“.
[წაიკითხეთ ხმა კონფლიქტის მეორე მხრიდან: ლ. ჩ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მცხოვრები, 60 წლის — „პოლიტიკოსების მიერ გაჩაღებული კონფლიქტი“]
პუბლიკაცია რედაქტირებული ვერსიაა ირინა ქელეხსაევას სტატიისა, რომელიც ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტისთვის მომზადდა დიდი ბრიტანეთის კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ტექსტში გამოყენებული ადგილების დასახელებები და ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს OC Media-სა და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის შეხედულებებს.