ა. ა., ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მცხოვრები, 80 წლის
„იმ დროს ზნაურში ვმუშაობდი [ცხინვალის დასავლეთ მხარე], როცა არეულობა დაიწყო. მე არ მომწონდა ეს არეულობა. ცალკე ქართველები ბუტბუტებდნენ, ცალკე — ოსები. ჩემს სიტყვას ცოტა ჰქონდა ანგარიშგასაწევი ძალა და ვეტყოდი ხოლმე, ნუ იზამთ ამას, თორემ ცუდად დამთავრდება თქვენთვისაც და ჩვენთვისაც-მეთქი.“
[სტატია ინგლისურ ენაზე — Read in English]
[სტატია რუსულ ენაზე — Читайте на русском]
„მოსამართლე იყო ერთი, კაკო, თავისი ჯგუფი ჰყავდა და, რომ ლაპარაკობდნენ ამ თემაზე, ერთხელ, ვუთხარი, გაჩერდით-მეთქი, შენ მაინც გაჩერდი, მოსამართლე ხარ-მეთქი. ნუ შვებით ამას, ნუ გაართულებთ, ნუ აირევით, ნუ დაირევით, ცუდად დამთავრდება, ვიცი-მეთქი. გადაიწვება ხალხი, განადგურდება-თქო.“
„მაინც აირივნენ-დაირივნენ და ზუსტად ასე მოხდა — კიდეც გადაწვეს, კიდეც გამორეკეს ხალხი და არიან ახლა ლტოლვილები და თბილისი ლამის ქვესკნელში ჩავარდეს, იმდენი ხალხია დაგროვილი. აქეთ კიდევ ხალხი აღარ არის. სოფლები დაცარიელდა.“
„მე ოთხჯერ ვარ დაჭერილი. ცხინვალამდე და იმის იქით, ჯავამდეც, ვიყავი. სულ განადგურებულია. ქართული სოფლები განსაკუთრებით — კეხვი, აჩაბეთი — აღარ ეტყობა ნასახლარები. აღარაფერი აღარ არის. აბა, ვინღა აღადგენს, რა ვიცი მე? ეს შედეგი გამოიღო იმ 90-იანმა წლებმა. განადგურდა სოფლები, ხალხი დაიხოცა. მშველელი კიდევ არ გვყავს.“
„ქურდობდნენ ისინიც, ჩვენებიც“
„90-იან წლებში წამოვედი, როცა არეულობა დაიწყო. მივატოვე სახლი, თან მეგონა, რომ ეს დროებითია. ვფიქრობდი, ჩქარა შერიგდებიან-მეთქი, სამუშაო ადგილი დავკეტე, საწყობში ვმუშაობდი, ზნაურში. მერე ის საწყობიც გამიტეხეს, გაანადგურეს, წაიღეს ყველაფერი ჩემი.“
„გადმოვედი და დავსახლდი აქ, სოფელში [ჭვრინისში]. იმის შემდეგ აქ ვარ, არსად წავსულვარ. შემდეგ არაფორმალები, მათ შორის ადამია [ვაჟა ადამია „მერაბ კოსტავას საზოგადოების“ თავმჯდომარე 90-იან წლებში], თავისი მოშლილი ზარბაზნით მოვიდა აქ. წავიდნენ, იარეს, იარეს, ჩვენ არ გავაჩერეთ აქ.“
„ჩვენ რომ გაგვეჩერებინა, ჩვენც გვესროდნენ იქიდან. წავიდნენ და ქალეთში [კონფლიქტამდე შერეული სოფელი იყო, რომელიც ჭვრინისს ესაზღვრება] გაჩერდნენ.“
„ხუთი დღის შემდეგ წამოვიდნენ რუსები რუსული იარაღით, შეიძლება, ოსებიც იყვნენ მათ შორის. ამათ [„მერაბ კოსტავას საზოგადოება“] რომ გაიგეს რუსული იარაღის ხმა, გამოიქცნენ, თვითფრინავი ჰყავდათ და იქ დატოვეს. ეს თვითფრინავი დაუწვეს, ზარბაზანიც. იმის შემდეგ მოდიოდნენ ხოლმე დროდადრო საქურდლად.“
„ჩვენგან იქით ვინც გადავიდოდა, ზოგი რას იპარავდა, ზოგი — რას. ის სოფლები დაიცალა. ასე თუ ისე, კარგი არაფერი მომხდარა. ქურდობდნენ ისინიც, ჩვენებიც. ვინ როგორ მოასწრებდა. აქაურებიც ქურდობდნენ. ჩემ გარდა, ყველა ქურდობდა. მე არც იმათი მინდოდა არაფერი და ისე ვიყავი, რომ ჩემი არ წაერთმიათ. იქ რაც მქონდა, წამართვეს, მაგრამ აქ, აქიდან აღარ გავატანე არავის არაფერი.“
„იმ სახლის დაწვამ მთელი ქალეთი გადაწვა“
„ერთხელ 1990-იან წლებში ჩვენები შევიდნენ მხარეში, რასაც სერი ბალთას ვუძახდით. ერთი ოჯახი იყო, სოფლის განაპირას ცხოვრობდა და ის სახლი გადაწვეს. მე როგორც გავიგე, ზუსტად ის ხალხი მოხვდა ჩემთან სახლში.“
„მათი უფროსი ვნახე, ჩემთან იყვნენ, ერთი ზნაურელი იყო, ბიჭები ჰყავდა თან და ლაპარაკობდნენ, რომ აი, ჩვენ დავწვითო. ვეჩხუბე და გამოვყარე სახლიდან. როგორ დაწვით-მეთქი, იმ სახლის დაწვამ მთელი ქალეთი გადაწვა-მეთქი.“
„მერე იმერლებისთვის მოვიდნენ. ქალეთში ნახევარი იმერლები ცხოვრობდნენ, ნახევარი — ოსები. იმერლების სახლები სულ გადაწვეს. აი, იმ ერთი სახლის გამო. ჭვრინისში კი, აქ, ჩვენთან არავინ არ მოსულა. არც ოსი, არც — რუსი, არც — თათარი, არავინ.“
„ერთ-ერთი ვიცანი, ჩემი მეგობრის შვილი“
„2008 წელს აგვისტოში აქ ვიყავი. მეუღლე მაშინ ავადმყოფი მყავდა. ეტლში მეჯდა. ზუსტად ჩვენსკენ არ წამოსულან არც რუსები, არც ოსები. ოსები ატოცში მივიდნენ [მეზობელი ქართული სოფელი] და ერთი სახლი გადაწვეს. როცა ჩამოიარეს, ნიღბები ჰქონდათ და ერთ-ერთი ვიცანი, მეგობრის შვილი. მკითხა, მე მიცნობო? მე კი გამეცინა, ჩემნაირები შევხვდით, ხუთი კაცი, ხნიერები.“
„როგორ არ გიცნობ-მეთქი, მართალია, ნიღაბი გაქვს-მეთქი, მაგრამ შენი ლაპარაკით გიცნობ, მეგობრის შვილი ხარ-მეთქი. ხოდა — ავთო ძიაო, ჩვენ ჭვრინისს არაფერს ვერჩითო. თქვენ, არ გიქურდიათო, არაფერი გადაგიწვავთო. იმათ გვაწყენინეს და ახლა კოდაში მივდივართო, კოდელებმა აწყენინეს.“
„თვითონაც მიცნეს, ტომარაში გვაქვს შენი რაღაცები და წაიღეო“
„ჩვენ გადავრჩით. ერთი დანგრეული სკოლა გვქონდა. ის დაგვიწვეს, მაგრამ ის ისდეაც დამწვარი იყო. ერთ დღეს საქონელს ვმწყემსავდი, გავიგე, რომ რუსები შემოვიდნენ. არ ვიჯერებდი, მაგრამ წამოვედი მაინც. ცოლი ეტლში დავტოვე, ბალკონზე მყავდა. უნდა წამოვსულიყავი შუადღისას, რომ მიმეხედა, პური მეჭმია, ამოვედი და…“
„ყოფილან ჩემთან. რაღაცები მოიპარეს. საით წავიდნენ, ქალო, თუ დაინახე-მეთქი, ვკითხე. მგონი, ზევით წავიდნენო, მითხრა. წავედი, დავეწიე. ოსები იყვნენ. გვიან მივხვდი, რომ ოსები იყვნენ. თვითონაც მიცნეს, ნიღბები ჰქონდათ. ჩვენ ტომარაში გვაქვს შენი რაღაცები და წაიღეო. ამოვიღე, ბენზოხერხი იყო. მაშინ ბენზოხერხები ეგრე ადვილად არ იშოვებოდა. კიდევ ბურღი იყო, რაც გვქონდა სახელოსნოში. ჰოდა, წამოვიღე და მივხვდი მერე, ვინც იყო, მაგრამ რას ვიზამდი.“
„ჩემი დამიბრუნეს ყველაფერი. მეტი არაფერი მომხდარა. რუსები ჩვენკენ არ წამოსულან. ოსებიც შეგვეშვნენ, აღარ მოდიოდნენ და ასე მოვედით დღემდე. ახლა არ ვიცი, კიდევ თუ იქნება რამე არეულობა.“
„საღამოთი დამიჭერდნენ, დილით მიშვებდნენ“
„დღესდღეობით იქით მხარეს უმიზეზოდ არ გადავდივართ. ვიცით, რომ დაგვიჭერენ. აი, საქონელი ხანდახან გადადის და აღარ ბრუნდება. ჩემ გარდა სხვა არავინ გადადის. თუ არ გადავალ, საქონელს დავკარგავთ, ხოდა გადავდივარ ხოლმე.“
„იქით ერთი ალი იყო, ლეკი. მახაჭკალიდან იყო და ბევრჯერ დამიჭირა საქონელთან ერთად და გამომიშვა, ერთი ხუთჯერ მაინც. მიშვებდნენ, დამიჭერდნენ. ადრე დამიჭირეს, 1.500 მანეთი მივეცი იმ დღესვე. დილით წამოვედი, საღამოთი დამიჭერდნენ, დილით მიშვებდნენ. მერე კიდევ დამიჭირეს.“
„ჩვენებური გოგო დაიჭირეს ერთხელ და ხალხი ჩემთან მოვიდა, ლალი დაიჭირესო. უნდა დამეხსნა მე. წავედი, ნაძვებში ტრაფარეტია, იმის იქით ჰყავთ ეს ბავშვი და ტირის.“
„ძნელია, ასე იმათი კანონი თუ არ იცი. მერე მოვიდა ის ალი. მითხრა, რომ შენ წადიო, არა-მეთქი. ჯერ ეს გოგო გაუშვით, მერე წავალ-მეთქი. არაო, გადაცემული გვაქვსო [იგულისხმება ინფორმაცია დაკავების შესახებ]. მაშინ მეც ამიყვანეთ-მეთქი. არ გაუშვეს, და მეც გავყევი.“
„იქ რომ მიმიყვანეს, იზოლატორში, ვუთხარი უფროსს, სამხედრო ნაწილის უფროსს, 4.000 მანეთი უნდა მასესხო-მეთქი და ხვალ გამოვალ და ამოგიტან-მეთქი. შევატყვე, რომ არ ჰქონდა. შეიძლება, ჰქონდა, მაგრამ არ მენდო. მაშინ ქალეთში მეგობარი რომ მყავს, სევა-მეთქი, დაურეკე და ის მომიტანს-მეთქი. დაურეკა! კარგი კაცი იყო ძალიან ის.“
„დაურეკა, გამომიტანა 4.000 მანეთი, იმ დღესვე შევიტანე დილით და გამოგვიშვეს.“
„რომ მქონდეს უფლება, ცხინვალში წავიდოდი“
„ერთი მოყვარე მყავს. ცოლი მომიკვდა. იმ მოყვარის ნახვა მინდა. ვერ ვნახულობ. ლარსზე წასვლას დიდი დრო უნდა და სახლში ვინ დავტოვო? ვიზაც უნდა, ფულიც უნდა, დროც უნდა. რომ მქონდეს უფლება, ცხინვალში წავიდოდი. ერთ დღეში ჩავიდოდი, იმ ღამეს დავრჩებოდი, მეორე დღეს ჩამოვიდოდი.“
„დღეს ჭვინისში ისევ ისე ვცხოვრობთ, დასამუშავებელს ვამუშავებთ, ოჯახს ვუვლით, საქონელს ვუვლით.“
„ძროხა თუ გადავიდა, მე აღარ გადავდივარ და ხანდახან შეიძლება, იმათ გადმორეკონ. იმათი საქონელიც გადმოდის ხოლმე. აი, გუშინაც გადმოვიდა იმათი საქონელი. მე აწი იქ, ტრაფარეტს იქით როგორ წავალ, აღარ წავალ. კიდევ ვეღარ ჩავბარდები იმათ. აქეთ ვდგავარ ხოლმე. ხოდა მოდის საქონელი და ხუთი სული მათი საქონელი მოჰყვებათ. აქ, სოფლამდე, ჩამოყვნენ და გადავრეკე უკან, წავიდნენ მერე. ჩვენც ეგრე ვშვებით, გავურეკავთ ხოლმე. ისინიც ეგრე შვებიან.“
„მეგობრის გასვენებაში უნდა წავსულიყავი“
„ოთხჯერ ვარ მე დაკავებული და იზოლატორში წაყვანილი. ორჯერ ძროხის გადმოსაყვანად გადავედი და რუსებმა დამიჭირეს. მესამედ ჩემი მეგობარი მოკვდა, ოსი, იქით. წავედით სამძიმარზე. მეორე დღეს გასვენებაში უნდა წავსულიყავი, მეგობარი მომიკვდა და, აბა, რა უნდა მექნა. ფულიც წავიღე, როგორც შესაწირი და იმათთვის მისაცემი ჯარიმაც, თუ დამიჭერდნენ, ყოველი შემთხვევისთვის. დამიჭირეს აქ, ჩვენთან, ნაძვებში.“
„ვუთხარი, ძმაკაცის გასვენებაში მივდივარ-მეთქი. ჯერ არ დამიჯერეს. მერე დამიჯერეს, მაგრამ მაინც გამაჩერეს. დამაჯარიმეს და უნდოდათ, სახლში გავეგზავნე. სახლში რა მინდოდა, მეგობრის გასვენებაში უნდა წავსულიყავი, ამისათვის არ გადავედი? მეუბნებიან, ეს შეუძლებელიაო.“
„ამ დროს იმ გასვენებაში მათი პრეზიდენტი იყო მისული, თიბილოვი. უთხრეს ჩემი მეგობრის შვილებმა, ჩვენი მამის მეგობარი დაიჭირესო, ისეთივე ბებერი, როგორიც მამაჩვენი იყოო, დასაფლავებაზე მოდიოდა ჩვენთანო. დარეკა იმან და მისი მანქანით მიმიყვანეს ჩემი მეგობრის სახლში. დავესწარი დასაფლავებას და კიდევ ნახევარი საათი დამტოვეს ქელეხში. მერე ისევ მანქანით წამომიყვანეს უკან. მორჩა, ამის მერე აღარ გადავალ, აღარ დავაჭერინებ თავს, მეყო.“
„სხვა გზა არ არის“
„ჩვენი მომავალი მთავრობაზეა დამოკიდებული. შერიგებაც მათზეა. ადრე რომ გვიჭირდა ხოლმე ქვეყანას, გამოჩნდებოდა ვიღაც კეთილი ადამიანი. მე ივანაშვილის იმედი მქონდა და ვერაფერი გამოდის. იქნებ ვიღაც გამოჩნდეს, მართალი ადამიანი, შეგვარიგოს, გაგვიშვან, გამოუშვან და მორჩება, ისევ გაგრძელდება ჩვეულებრივი ცხოვრება, როგორც ადრე ვიყავით.“
„მკითხავთ, შერიგება მინდა თუ არა — მინდა, აბა რა. შეიძლება ეს შერიგება? შეიძლება, აბა რა. იქითაც არის ასეთი ხალხი. ყოველ შემთხვევაში, იმ ნაცნობი ხალხის შვილები მონდომებულნი არიან. უნდათ იმათაც, ხნიერი ადამიანები ვინც არიან. სულ ახალგაზრდებს არ უნდათ შერიგება, ჩვენკენაც ხომ ეგრე არის? იქაც ასეა. მე მგონია, რომ შერიგდებიან ბოლოს. იმიტომ, რომ ჩვენს ტერიტორიას რას უშვებიან? ჯავამდე ხომ ჩვენია, კაცო, იმის იქითაც საქართველოსია. ამ მიწა-წყალს რას უშვებიან? უნდა შერიგდნენ, სხვა გზა არ არის.“
[წაიკითხეთ ხმა კონფლიქტის მეორე მხრიდან: ე. ჯ., ძაუს დასახლების მცხოვრები, პედაგოგი, 62 წლის — „სანამ პუტინი გვყავს…“]
პუბლიკაცია რედაქტირებული ვერსიაა გოგა აფციაურის სტატიისა, რომელიც ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტისთვის მომზადდა დიდი ბრიტანეთის კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ტექსტში გამოყენებული ადგილების დასახელებები და ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს OC Media-სა და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის შეხედულებებს.