fbpx

Become an OC Media Member

Support independent journalism in the Caucasus: Join today

Become a member

ხმა მოხედან: „წვიმასა თუ ავდარში, გარეთ ვლოცულობ“

გრიშა ბერიძე (დათო ფარულავა /OC Media)

სოფელ მოხეში ქრისტიან და მუსლიმ თემს შორის ე.წ. სადავო ნაგებობის ირგვლივ წარმოქმნილი კონფლიქტის მოგვარება სახელმწიფომ ახალი მეჩეთის აშენებით სცადა.

 

ნაგებობა, რომელიც მუსლიმების თქმით მეჩეთია, ქრისტიანი მოსახლეობის თქმით კი ეკლესიის ქვებით არის ნაგები, მოხის კომისიამ დეკლარირებულად სადავო ნაგებობად გამოაცხადა და არცერთ მხარეს არ გადასცა.

კომისიას, რომელიც ნაგებობის წარმომავლობის შესწავლის მიზნით შეიქმნა, მისი ისტორია არ შეუსწავლია. მუსლიმები უკვე თითქმის ორი წელია, რაც სადავო ნაგებობის წინ ლოცულობენ. მას შემდეგ, რაც სოფელში სახელმწიფომ ახალი მეჩეთი ააშენა, ადგილობრივი მუსლიმების ნაწილმაც სწორედ იქ დაიწყო ლოცვა. თუმცა მუსლიმების ნაწილი უკვე მეორე ზამთარია, რაც ძველი ნაგებობის წინ ლოცულობს. 70 წლის გრიშა ბერიძე ერთერთი მათგანია.

(დათო ფარულავა /OC Media)

„ულოცველად არ გამოვიდოდა“

„მოხეში 1980 წელს გადმოვსახლდი. მაშინ აქ ძირითადად რაჭველები (ქრისტიანები) ცხოვრობდნენ. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, მისვლა-მოსვლა, მეზობლობა…

ჩამოსვლისთანავე შევამჩნიე, რომ ეს შენობა ჯამე (მეჩეთი) იყო. მაშინ შიგნით ბიბლიოთეკა და კლუბი იყო. კომუნისტების დრო იყო და არაფრის გაკეთება არ შემეძლო - არც ეკლესია მუშაობდა და არც მეჩეთი.

მუსლიმები კვირაში ერთხელ ჯუმა დღეს ვცლოულობთ. ლოცვა აუცილებლად ჯამეში უნდა შეასრულო და მეც ამ შენობაში ლოცვა მინდოდა. 2000-იან წლებში შემოღობვა ვცადეთ, მაგრამ ქრისტიანი მოსახლეობა შეგვეწინააღმდეგა. მივჩუმდით. გული კი შემტკიოდა, მაგრამ ერთმანეთს არ დავუპირისპირდეთ-მეთქი, ვუფრთხილდებოდი.

შემდეგ სახლი ვიქირავეთ და იქ ვლოცულობდით. ულოცველად არ გამოვიდოდა.

ერთ დღესაც (2014 წლის ოქტომბერი) მოვიდნენ ადიგენიდან, დემონტაჟი დაიწყეს. ტენდერში გავიმარჯვეთ და შენობა კლუბად უნდა გადავაკეთოთო.

ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი - წინააღმდეგობა გავუწიეთ. ამასობაში ხუთ რაიონის პოლიცია მოვიდა, გაძლიერებული დაცვა, თითქოს ჩვენ შეიარაღებული ვიყავით. იმ დღეს 14 ადამიანი დააკავეს”.

მას შემდეგ, რაც კომისიის გადაწყვეტილების მოლოდინში მოხელმა მუსლიმებმა „სადავო ნაგებობაში“ დაიწყეს ლოცვა, 2016 წლის ოქტომბერში პოლიციამ შენობის კარი აჭედა და მუსლიმებს შიგნით შესვლა აუკრძალა. სამართალდამცავები აკრძალვის მიზეზს ვერ ასახელებდნენ, აცხადებდნენ, რომ მხოლოდ კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ. ადგილობრივი სამღვდელოების თქმით, მუსლიმების ნაგებობაში ლოცვამ ქრისტიანი მრევლის უკმაყოფილება გამოიწვია.“

(დათო ფარულავა /OC Media)

„არქიმანდრიტი დამემუქრა, ფეხებს მოგამტვრევო“

„ლოცვა სუფთა ადგილას უნდა შეასრულო. აქ კი ძაღლი, ღორი თუ ძროხა შიგნით დარბოდა. შევედით და მოვასუფთავეთ. შიგნით ვილოცეთ 3 დღე. არ ვიცი, რა მოელანდათ, მოვიდნენ და აგვიკრძალეს შიგნით ლოცვა. ლენტი შემოარტყეს. ლენტი საჯარომოა, საჯარიმოს ხომ არ შევეხებოდით? აღარ შევსულვართ შიგნით. გავაგრძელეთ ეზოში ლოცვა. ასე ვლოცულობ, უკვე წელიწადნახევარია. სიცივეში, წვიმასა თუ ქარბუქში ეზოში ვლოცულობთ. შემდეგ ღობე შემოარტყეს.

როცა ღობეს აკრავდნენ, ჩხუბი მოგვივიდა. სამღვდელოებიდან ნიკოლიზი (ზარზმის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ნიკოლოზ გეწაძე) მოვიდა, ვიკამეთეთ, ვიჩხუბეთ. დაგვემუქრა, პირადად მე დამემუქრა, შიგნით რომ შეხვიდე, ფეხებს მოგამტვრევო. 70 წლის კაცი ვარ, ერთერთი მლოცველი ვარ, მრევლი ვარ. აღარ შევედი, ბერიკაცი ვარ, არ მინდა, მიწურულ ხანს მომივიდეს ჩხუბი, არ მინდა დაპირისპირება. ღობის გარეთ დავდექი და იქ ვლოცულობ. თავს ზემოთ ძალა აღარ არის.

არადა თავიდან ქრისტიანებთან ძალიან კარგი ურთერთობა გვქონდა. არ იყო ჩვენს შორის განსხვავება, მხოლოდ სარწმუნოება. მას შემდეგ ვეღარ ვართ ისე, მოვიშალეთ. კარგი გამარჯობა აღარ გვაქვს, ნაწყენობა ჩამოვარდა სარწმუნოების გამო. არადა არავის არაფერს ვუშავებთ. ვლოცულობთ ღვთის წინაშე. მე ფული არ მაინტერესებს, არც ბიზნესი - მე ლოცვა მაინტერესებს. ხომ უნდა მივიდე იმ ქვეყნად პირნათელი, სხვა რა მაინტერესებს?! მაგრამ გვეწინააღმდეგებიან, არ ვიცი, რატომ; ვერ წარმომიდგენია... ეხამუშებათ ჩვენი ლოცვა“.

„აქ ვილოცებ“

„მოხის კომისიამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო, პასუხი ვერ გაგვცეს. ახალი ჯამე ააშენეს, მაგრამ მე ახალ ჯამეს არ ვითხოვდი, ჩვენ, მლოცველებს, არ მოგვითხოვია.

ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ათი წლის ვიყავი, როცა დედა მომიკვდა. მამაჩემმა დედინაცვალი მოიყვანა, მაგრამ დედაჩემის ადვილი ვერ დაიკავა იმან. ხუთი დედინაცვალი რომ მოეყვანა, დედაჩემის ადგილს ვერცერთი დაიკავებდა. ესეც ასეა, ხუთი რომ აგვიშენონ, მაინც ვერ დაიკავებს იმის ადგილს. ის ძველი, ისტორიული, კულტურული ნაგებობაა. ვითხოვთ, რომ ის დაგვიბრუნონ.

მუსლიმთა სამმართველოს ჩვენი ინტერესები არ დაუცვია. პოზიციებს ისე აჟღერებდა, როგორც სახელმწიფოს აწყობდა. ახალი ჯამეს აშენებით ჩვენ მოგვიშორეს, გაგვისტუმრეს, რომ ეს შენობა აღარ მოგვეთხოვა, მაგრამ მე ის არ მაინტერესებს. რა აზრი აქვს ახალ ჯამეში მისვლას? არ მიმდის გული. როცა ჯამე შენდება, უნდა მიხვიდე, მონაწილეობა მიიღო, წვლილი უნდა შეიტანო. მე იქ არ მივსულვარ, რადგან ნაწყენი ვიყავი.

წვიმასა თუ ავდარში იმ შენობასთან ვლოცულობ. უნდა გამარკვიონ, დაბნეული ვარ. სანამ იმ შენობის ბედი არ გადაწყდება, იქ ვილოცებ. წელიწადნახევარია იქ ვლოცულობ და იქვე გავაგრძებლებ ლოცვას.“