fbpx

Become an OC Media Member

Support independent journalism in the Caucasus: Join today

Become a member

ხმა საქართველოდან | „აფხაზების მიმართ ბრაზი არ მაქვს“

ხატია ქარდავა (დათო ფარულავა/OC Media)

ხატია ქარდავა, 28 წლის. იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“

როცა ომი დაიწყო, სამწლინახევრის ვიყავი. ძალიან ცოტა რამ მახსოვს, თუმცა ამ თემაზე არც შეკითხვების დასმა მიყვარს მაინცდამაინც, რადგან მტკივნეულია. დროთა განმავლობაში, მოგონებები ბურუსმა მოიცვა — არ ვიცი, რა არის ნამდვილი მოგონება და რა — ფოტოებიდან, ვიდეოებიდან მიღებული შთაბეჭდილებები.

[სტატია ინგლისურ ენაზე — Read in English]

[სტატია რუსულ ენაზე — Читайте на русском]

(დათო ფარულავა /OC Media)

მე, დედა და მამა სოხუმში ვცხოვრობდით. დედასთან ომზე არ ვსაუბრობ. როცა ბებიას ვსტუმრობ, იქ ვლაპარაკობთ ხოლმე ამაზე. ომი რომ არ ყოფილიყო, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. მამა ცოცხალი იქნებოდა.

მამა სამხედრო პოლიციაში მუშაობდა. ომი რომ დაიწყო, ფრონტზე გავიდა. დაჭრეს, მაგრამ ჩემს ბიჭებს იქ როგორ დავტოვებო, თქვა და დაბრუნდა უკან.

33 წლის იყო, როცა დაიღუპა. ვიცი, რომ გამორჩეულად დადებითი პიროვნება იყო. ძალიან დადებითად ახასიათებენ, მგონი არამხოლოდ იმის გამო, რომ მკვდრებზე ცუდს არ ამბობენ. წარმომიდგენია, რომ რაღაცნაირი სხივი ჰქონდა.

ომის შემდეგ

(დათო ფარულავა /OC Media)

მე, დედა და ბებია თვითმფრინავით გადმოვფრინდით. დაახლოებით ერთ წელიწადი რუსთავში ვცხოვრობდით, საერთო საცხოვრებელში. მეორე ბებია სამეგრელოში წავიდა. როცა გვიჭირდა, სოფლის ნობათით გვამარაგებდა.

ომის შემდეგ ბევრი ადამიანი მოსკოვში წავიდა, მათ შორის ჩვენი ნათესავები. მამიდებმაც მოგვკიდეს ხელი და იქ წაგვიყვანეს.

ალბათ ფსიქოლოგიური მომენტია და ტვინი ცუდ მოგონებებს შლის. როცა აფხაზეთიდან დევნილი მეგობრები წერენ, თუ როგორ ცხადად ახსოვთ პურის რიგები, მიკვირს, რადგან ჩემი მეხსიერებიდან ეს ყველაფერი წაშლილია.

თბილისში რომ ჩამოვედით, დაახლოებით 7 წლის ვიყავი. მაშინ თბილისში ალბათ შედარებით იაფი იყო ბინები. მოსკოვიდან რომ ჩამოვედით, ბინა ვიყიდეთ მთაწმინდაზე.

მომთხოვნი ბავშვი არასდროს ვყოფილვარ. მეუბნებოდნენ, როგორ არაფერი გინდაო. არ ვითხოვდი, როცა შესაძლებლობა არ იყო.

მე შედარებით გამიმართლა — იყო ასეთი პროგრამა, საქართველო-იტალიის მეგობრობის ასოციაცია, რომელიც ომში დაღუპული მამების შვილებს იტალიაში აგზავნიდა. იქ სულ სხვა სამყარო დამხვდა. ფერადი ბავშვობა მქონდა და დევნილობის სიდუხჭირე მაინცდამაინც არ მიგრძვნია.

ძალიან დიდი კონტრასტი იყო, იქ არაფერი მაკლდა. 6 წლის გამავლობაში ყოველ ზაფხულს დავდიოდი იტალიაში.

„რომ შემეძლოს, აუცილებლად ჩავიდოდი“

(დათო ფარულავა /OC Media)

მამიდაჩემი ახერხებს ხოლმე უკან ჩასვლას. ქმარი ეროვნებით აფხაზი ჰყავს. ჩადიან და სასაფლაოს აკითხავენ. ჩვენ აღარ გვაქვს იქ ჩასვლის და სახლის ნახვის საშუალება. პრინციპში, აღარც არის სახლი. რომ შემეძლოს, აუცილებლად ჩავიდოდი.

ომი რომ არ ყოფილიყო, ცხოვრება სხვანაირი იქნებოდა. უფრო სრულყოფილი ოჯახი მექნებოდა — მამა გვერდით მეყოლებოდა. ახლა ძალიან დიდი დანაკლისი მაქვს ცხოვრებაში.

მიუხედავად ყველაფრისა, ვერ აღვიქვამ აფხაზებს, როგორც „მათ“ და „ჩვენ“. არ ვიცი, რატომ არის ასე. ომში ძალადობა ყოველთვის ბევრია. სამწუხაროდ, ადამიანები თვითნებურად ძალადობენ, ფრონტის ორივე მხარეს და მგონი, ამას არ ჰქონდა სისტემური ხასიათი. არ მაქვს წყენა. მშვიდობის გზების ძიებაა საჭირო, საზოგადოების გააქტიურება.

აფხაზების მიმართ ბრაზი არ მაქვს. არც ნოსტალგიური და მელანქოლიური დამოკიდებულება მაქვს აფხაზეთზე. ალბათ იმიტომ, რომ ბევრი რამ არ მახსოვს. ბებია იმ დროს ძალიან ცუდად იხსენებს. იქ ჩარჩნენ და ტყეებში შემორჩენილ სიმინდს ჭამდა.

ლომის წვლილი რა თქმა უნდა რუსეთს მიუძღვის, მაგრამ შეცდომები ყველამ დავუშვით. ჩვენც უნდა ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები. საქართველო იმ დროს ძალიან ახალგაზრდა სახელმწიფო იყო, რომელსაც ცოდნა და გამოცდილება არ ჰქონდა. ბევრ ანკესზე წამოვეგეთ. აფხაზებიც არიან დამნაშავენი, რახან აქამდე მოვედით — ალბათ ფსევდონაციონალიზმის, ან რუსული პროპაგანდის შედეგი იყო.

დასანანია, რომ ასე მოხდა. ლამაზი ადგილი იყო აფხაზეთი.

[წაიკითხეთ ხმა აფხაზეთიდან: „ომმა ყველაფერი წამართვა“]