fbpx

Become an OC Media Member

Support independent journalism in the Caucasus: Join today

Become a member

„ყველას ბრონქიტი გვაქვს“ — ტყიბულელი მეშახტეების გაშავებული ფილტვები

ქვანახშირის გადამამუშავებელი ქარხანა ტყიბულში. ფოტო: ლანა კოკაია/OC Media.

ტყიბულში შახტების ხელმძღვანელობა უარყოფს, რომ მათ მეშახტეებს პროფესიული დაავადებები აწუხებთ. თავად მეშახტეები საწინააღმდეგოს გვიყვებიან.

მინდელის შახტის ყოფილი მეშახტე, 65 წლის ამირან ბოჭორიშვილი, 2020 წლის 21 ივლისს დირექტორის კაბინეტში შევიდა და პროტესტის ნიშნად მაჯაზე თვითდაზიანებები მიიყენა.

300 მეტრის მიწის ქვეშ 40-წლიანი მუშაობის შემდეგ საქნახშირის ადმინისტრაციამ მას მიწისზედა პოზიციაზე დასაქმება შესთავაზა, რასაც ბოჭორიშვილი არ დათანხმდა, რადგან კომპანიამ შრომითი ანაზღაურება 900-დან 300 ლარამდე შეუმცირა. მიზეზად მისთვის დასმული ქრონიკული ბრონქიტის დიაგნოზი დაასახელა.

დღეს ამირანი ამბობს, რომ ნანობს, რაც ჩაიდინა. „ისეთ დონეზე მიმიყვანეს, მაიძულეს, ასე გამეკეთებინა. დღესაც ძალიან იმედგაცრუებული ვარ ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულებით. გამოკვლევისთვის თერჯოლის საავადმყოფოში პატიმარივით წამიყვანეს, ერთადერთი ხელბორკილები მაკლდა“, — უთხრა ბოჭორიშვილმა OC Media-ს.

ამირან ბოჭორიშვილი. ფოტო: ლანა კოკაია/OC Media.

„[ჩემი წინა ხელფასი] არ მყოფნიდა, იმდენი გასავალი მაქვს და 300 ლარი როგორ მეყოფოდა? აქ ყველა მეშახტეს ვალი აქვს მაღაზიაში. სოფელში ხანდაზმული დედა მყავს, რომლისთვისაც მომვლელს ვქირაობ. შვიდი შვილიშვილი და ორი შვილი მყავს. 200 ლარის ბენზინი მხოლოდ შვილიშვილების სანახავად ტყიბულიდან მესტიაში ჩასასვლელად მჭირდება“.

ბოჭორიშვილი და სხვები თვლიან, რომ კომპანიის ასეთი გადაწყვეტილება აქციებსა და გაფიცვებში მის მონაწილეობას უკავშირდება, რომელიც ტყიბულში ხშირად იმართება.

„ტყიბულის შახტის ადმინისტრაცია, ზოგადად, თანამშრომლებს იმის გამო არ ათავისუფლებს დაკავებული პოზიციიდან, რომ მათ ბრონქიტი აქვთ“, — უთხრა OC Media-ს ბოჭორიშვილის ერთერთმა კოლეგამ, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

„ჩვენ ყველას გვაქვს ბრონქიტი“, — თქვა მან. 

პრევენცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 

ქვანახშირის მეშახტეთა პნევმოკონიოზი — ფართოდ ცნობილი, როგორც ფილტვის შავი დაავადება — არის მდგომარეობა, რა დროსაც ადამიანის ფილტვები ვარდისფრიდან ფერს შავად იცვლის. მიზეზი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნახშირის მტვრის ჩასუნთქვაა.

ის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც თანდათანობით პროგრესირდება. მისი მთავარი ჩივილებია: სუნთქვის გაძნელება, ხველა და გულმკერდის შებოჭილობა, რომელიც ხშირად ქრონიკულ ბრონქიტში გადაიზრდება.

„მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია ადამიანის იმუნურ სისტემაზეა დამოკიდებული“, — ამბობს ქუთაისის „კლინიკა ლჯ“-ის პულმონოლოგი, მარიამ ვარდანაშვილი.

„დაავადების სიმძიმე ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ოდენობის მტვერი ჩაისუნთქა პაციენტმა და რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს პროცესი. თუ ეს დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადება კიდევ უფრო პროგრესირდება“.

ვარდანაშვილის თქმით, პნევმოკონიოზი არ იკურნება. თუმცა ის აღნიშნავს, რომ მისი თავიდან აცილება შესაძლებელია, თუკი მისი პრევენციისთვის ქვანახშირის შახტში შესაბამის ზომებს მიიღებენ.

ქვანახშირი ტყიბულის მახლობლად. ფოტო: ლანა კოკაია/OC Media.

IndustriALL–ის დირექტორი სამთო მრეწველობის საკითხებში, გლენ მპუფანე, ამბობს, რომ ნახშირის მტვრის ჩასუნთქვის შემცირება ან თავიდან აცილება მთელი რიგი ღონისძიებების გატარებით შესაძლებელია, როგორიცაა — პირადი დამცავი ტანსაცმლის ტარება, ნიღბების ჩათვლით, რომლებიც მხოლოდ დამცავი აღჭურვილობის ბოლო ელემენტია.

მპუფანეს თქმით, მეშახტეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის გასაღები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 1995 წელს შახტებში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შესახებ დამტკიცებული კონვენციის მიღებასა და განხორციელებაში დევს. ის ასევე ამბობს, რომ ქვეყნებში, სადაც კონვენცია უკვე რატიფიცირდა, მუშათა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება გაუმჯობესებულია.

„ეს სტატისტიკურად დამტკიცებულია“, — უთხრა მპუფანემ OC Media-ს.

„ამ კონვენციის რატიფიცირებისა და განხორციელების შედეგად, სამხრეთ აფრიკა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისა ყველაზე ცუდი მაჩვენებლიდან ერთერთ საუკეთესოზე აღმოჩნდა ავსტრალიასთან, კანადასთან, შეერთებულ შტატებთან და სხვა ქვეყნებთან ერთად“.

„სამწუხაროდ, საქართველო ერთერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც კონვენცია რატიფიცირებული არ აქვს“, — ამბობს მპუფანე.

პროფესიული დაავადებების მქონე მეშახტეების რაოდენობის შესახებ ოფიციალური მონაცემები საქართველოში არ არსებობს.

პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის უსაფრთხოების მთავარი სპეციალისტი, ნიკა კაკაშვილი, ამბობს, რომ ობიექტური მიზეზის დასადგენად შესაბამისი მოკვლევა უნდა ჩატარდეს, თუ სად განუვითარდა დაავადება მეშახტეს.

„კვლევა დაიწყება იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული დასაქმებული სამართლებრივ დავას წამოიწყებს დამსაქმებლის წინააღმდეგ“, — უთხრა კაკაშვილმა OC Media-ს.

„კატასტროფული სიტუაციაა“

კონვენცია მიღებულია თუ არა, შახტის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ ადგილზე უსაფრთხოების ყველა საჭირო ნორმას იცავენ.

„დღეს პროფესიული ნიშნით დაავადებული არც ერთი თანამშრომელი არ გვყავს“, — ამბობს საქნახშირის დირექტორის მოადგილე შრომის უსაფრთხოების დარგში, ავთანდილ ბოჭორიშვილი.

„პერიოდული სამედიცინო შემოწმება დაწყებულია და სპეციალობიდან გამომდინარე დაავადებული პირები თუ გამოვლინდებიან, მათზე სათანადო ზომებს — მკურნალობასა და სხვადასხვა შეღავათს — მივიღებთ“.

ბოჭორიშვილი OC Media-სთან ირწმუნება, რომ დასაქმებულებს ადრე პნევმოკონიოზი ხშირად უჩნდებოდათ, მაგრამ დაჟინებით ამბობს, რომ დღეს ასეთი დაავადებულები არ ჰყავთ.

მისივე მტკიცებით, პნევმატური დანადგარების ხარისხი გაუმჯობესებულია. ქვის სანგრევში დასაქმებულ პირებზე მრავალჯერადი გამოყენების რესპირატორები და ვიბრო ხელთათმანები გაიცემა. ბოჭორიშვილი აგრეთვე ირწმუნება, რომ სანგრევის ბურღვა წყლის მიწოდებით ხდება, რომელიც მტვერს გავრცელების საშუალებას არ აძლევს და რომ მონგრეული მასის ვაგონებში ჩატვირთვამდე მას წყლით რწყავენ.

შახტები ინდუსტრიულ ქალაქ ტყიბულში დასაქმების ძირითადი წყაროა. ფოტო: ლანა კოკაია/OC Media.

მეშახტეები სხვაგვარ ისტორიას გვიყვებიან. 

„ბურღვის დროს კატასტროფული სიტუაციაა“, — ამბობს ძიძიგურის სახელობის შახტში დასაქმებული 35 წლის მეშახტე, რუსლან ბუცხრიკიძე, ტყიბულიდან.

„მტვრის ისეთი ბუღი დგას ხოლმე, ერთი მეტრის რადიუსში ადამიანის დანახვა შეუძლებელია. თუ ცოტა წყალს გამოვიყენებთ, გვსაყვედურობენ, რადგან ამ დროს წყალი ნახშირს აზიანებს და კოეფიციენტი იკარგებაო. ამიტომ წყალს მაქსიმუმ იმის გამო თუ დავასხამთ, რომ მეშახტე არ დაიხრჩოს“.

ბუცხრიკიძემ OC Media-ს, ასევე, უთხრა, რომ მას და მის კოლეგებს თვალითაც არ უნახავთ ვიბრო ხელთათმანები, რომელსაც ბოჭორიშვილის მტკიცებით, კომპანია მეშახტეებს ურიგებს. მისივე თქმით, დამცავ რესპირატორებს ვადა მალე გაუვიდათ, არასაკმარისი ოდენობის გამო კი ისეც ხდებოდა, რომ ერთ რესპირატორს სამი ან ოთხი მეშახტე იყოფდა.

მეშახტეები ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში. ფოტო: ლანა კოკაია/OC Media.

„პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს ეპიდემიოლოგიური მოკვლევა იმის დასადასტურებლად, თუ რატომ უვითარდებათ მეშახტეებს ესა თუ ის დაავადება“, — ამბობს სოციალური სამართლიანობის ცენტრის [ყოფილი EMC] მკვლევარი, გიორგი ცინცაძე.

მისივე თქმით, დასაქმებულთა პროფესიული დაავადებების დროულად გამოსავლენად, კომპანია ვალდებულია, ადგილზე გამართული სამედიცინო სისტემა დანერგოს.

ცინცაძემ OC Media-ს უთხრა, რომ ეს ღონისძიებები ეფექტური იქნება, თუ კომპანია შახტებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს მოაგვარებს. მაგალითად, სავენტილაციო გვირაბებს შეაკეთებს, რომელიც, მისი თქმით, დღემდე პრობლემურია.

მან ასევე აღნიშნა, რომ მეშახტეთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები პანდემიის დროს მეტად გაიზარდა, რადგან დასუსტებული რესპირატორული სისტემის გამო, ისინი დაავადების მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან.

„შახტში სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია, რადგან მეშახტეებს მიწისქვეშა ტრანსპორტით გადაადგილებისას ერთმანეთთან ახლოს უხდებათ ყოფნა და დაავადების გავრცელების რისკიც მაღალია“, — ამბობს ცინცაძე.

პროფესიული დაავადებების მიღმა

ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტების მეშახტეები ჩივიან, რომ იმ პრობლემებთან შედარებით, რაც მათ აწუხებთ, სამრეწველო დაავადებები ყველაზე ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს. მათი თქმით, შახტის ხელმძღვანელობა ელემენტარული უსაფრთხოების ნორმების დაცვასაც უგულებელყოფს. შახტებში მომხდარ ინციდენტებზე, რომელიც ზოგჯერ ფატალური შედეგით სრულდება, რეგულარულად ისმის.

„რომელ პროფესიულ დაავადებებზე ვსაუბრობთ, როცა მეშახტე შახტში საწარმოო ტრავმას იღებს. ამ დროს კომპანია მთელი თავისი ძალებით ცდილობს, დამალოს, რომ დასაქმებულმა დაზიანება პროფესიული საქმიანობის დროს მიიღო, რათა ის სამედიცინო ფურცელში არ აისახოს“, — ამბობს რუსლან ბუცხრიკიძე.

ტყიბულის შახტში დაღუპულთა მემორიალი ქალაქ ტყიბულში. ფოტო: ლანა კოკაია/OC Media.

მალხაზი (სახელი შეცვლილია), შახტში მეათე წელია, მუშაობს. ყოველ დღე მას მიწიდან 300 მეტრის სიღრმეში უწევს ჩასვლა სამუშაოდ.

ორი წლის წინ მან სამუშაო პროცესის დროს მძიმე საგნის აწევის შედეგად ხერხემალი დაიზიანა, ამის შემდეგ თიაქარიც გაუსკდა.

მიღებული ტრავმების მიუხედავად, მალხაზი, რომელზეც მისი ოჯახია დამოკიდებული, ამბობს, რომ იმავე პოზიციაზე მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა.

„წესით ბიულეტინი [სამედიცინო შვებულება] უნდა ამეღო, რადგან დაზიანებები შახტში მივიღე, მაგრამ კომპანიამ შვებულების დღეები გამომაყენებინა მკურნალობისთვის“, — უთხრა მან OC Media-ს.

იმის მონიტორინგი, იცავს თუ არა კომპანია საკუთარი თანამშრომლების უფლებებს სამუშაო ადგილზე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის პასუხისმგებლობაა, რომლის მანდატიც ცოტა ხნის წინ გაფართოვდა. ჩვენი მრავალჯერადი თხოვნის მიუხედავად, შრომის ინსპექციის დეპარტამენტში ტყიბულის მეშახტეთა მდგომარეობის შესახებ კომენტარზე უარი განაცხადეს.