fbpx

Become an OC Media Member

Support independent journalism in the Caucasus: Join today

Become a member

რა ხდება საქართველოს სამკერვალო ქარხნებში: ნაწილი I — პროფესიული გაერთიანებები

ილუსტრაცია: დათო ფარულავა/OC Media

ქართულ სამკერვალო წარმოებაში ხელფასები დაბალია, შრომითი დარღვევების რიცხვი კი - მაღალი. ამის გამოსაძიებლად OC Media-მ სამკერვალო ქარხნები უშუალოდ მოინახულა. სამნაწილიანი გამოძიების პირველ ნაწილში განვიხილავთ, რა დაბრკოლებები აქვს მუშათა გაერთიანებებს და როგორ მუშაობენ (ან არ მუშაობენ) პროფესიული გაერთიანებები „ქუთექსისა“ და „იმერის“ ქარხნებში.

„რამდენს გსმენიათ, “თუ არ მოგწონს წადი?“, - კითხულობს გაერთიანებული პროფკავშირების  წარმომადგენელი.

ყველა ქალი ხელს იწევს. 

მოგვიანებით ამატებენ რომ უფრო უხეშადაც მოუმართავთ - „გააჯვი“, „ახლა მოვალ და თმებით გითრევ“ - ეს მხოლოდ მცირედია იმ ფრაზებიდან, რომელიც, მათი თქმით, ხელმძღვანელებისგან სმენიათ. 

15 ივლისს ქუთაისში „ქუთექსის“ ქარხნის წინ თითქმის 120-ვე თანამშრომელი შეიკრიბა, რომ გამოეხატათ უკმაყოფილება ყველა დარღვევით, რაც მენეჯმენტისგან განიცადეს: დაგვიანებული ხელფასები, ხელმძღვანელობის გაუკრვეველი სტრუქტურა და იძულებითი მოცდენა. 

ქალები დილაადრიან იკრიბებიან საწარმოს წინ, რომ გაიგონ, გადაუხდიან, თუ არა ხელფასებს. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media.

„ქუთექსმა“ მუშაობა 2016 წელს დაიწყო და გახსნის დღიდან „LC Waikiki“-ს ნაწარმს კერავდა. 2019 წლის ივლისში კომპანიამ ქარხანას კონტრაქტი შეუწყვიტა. როგორც დირექტორის მოვალეობის შემსრულებებლმა, გიორგი გოგოლაშვილმა, თქვა, ეს მოხდა იმის გამო, რომ პროდუქციის დიდ ნაწილს წუნი დაედო.  

OC Media-მ „LC Waikiki“-ს კომენტარისთვის მიმართა. კომპანიამ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზები არ დააზუსტა, მხოლოდ აღნიშნა რომ „LC Waikiki“-ს ამჟამად არ აქვს არანაირი კომერციული ან ორგანული ურთიერთობა კომპანიასთან [„ქუთექსთან“]“. 

ქარხნის მფლობელი, მეჰმეთ ქურთი, თურქეთის მოქალაქეა. დღეს მას  მოლაპარაკებებზე ელოდებიან, მაგრამ უმთავრესი მოლოდინი მაინც ხელფასის ჩარიცხვაა, რომელიც ხუთი დღის წინ უნდა ჩარიცხულიყო. 

დღეს ორშაბათია - „ბანკის დღე“ - როცა მოვალეებს სესხის თანხის შეტანა უწევთ.

დირექტორთან დაპირისპირება ქართულ საწარმოებში იშვიათობაა. როგორც წესი, დირექტორი მიუღწეველი ავტორიტეტია, რომელიც მთლიანად აკონტროლებს საწარმოსა და დასაქმებულთა ბედს, თუმცა მათთან კონტაქტში იშვიათად შედის.

„ქუთექსის“ შემთხვევაში, ამ კონტაქტს არა მხოლოდ კომპანიის სტრუქტურა, არამედ ენობრივი ბარიერიც აფერხებს. თურქულენოვანი დირექტორი გარშემორტყმულია ორენოვანი ადმინისტრაციის თანამშრომლებით, რომლებიც კომპანიის იერარქიას დასაქმებულებისგან იცავენ. 

ხმის ძიებაში

აღელვებული ქალები ირაკლი მხეიძესთან, ქუთაისის გაერთიანებული პროფკავშირების ოფისის ხელმძღვანელთან, და გიორგი დიასამიძესთან, სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმდჯომარესთან, ერთად განიხილავენ ყველა წუხილს, რაც ქარხანაში მუშაობას უკავშირდება. საჯაროდ ამას პირველად აკეთებენ. სანამ დასაქმებულები გაერთიანებას მოახერხებდნენ, მათ მიერ უკმაყოფილების ნებისმიერ გამოხატვას კომპანიის მხრიდან მძიმე რეაქცია მოჰყვებოდა, რაც მათ დამთრგუნველ სიჩუმეში ყოფნას აიძულებდა. 

„ყველა ჩვენი უფროსია აქ“, - ამბობს ერთერთი ქალი. „დირექტორი, ხარისხის მაკონტროლებლები, ადმინისტრაცია - ყველას აქვს უფლება, მოვიდეს და გიყვიროს. თავის მოვალეობას აჭარბებენ, მაგრამ არავის აინტერესებს ეგ. ძალიან არაჯანსაღი სიტუაციაა, დაძაბულობაა. თავს მუშებზე მაღლა აყენებენ და ჰგონიათ, რომ ჩვენი შეურაცხყოფის უფლება აქვთ“. 

„არაადმიანური დამოკიდებულებაა“, - ამატებს მისი თანამშრომელი. „დირექტორით დაწყებული და ბრიგადირით დამთავრებული. კი ვუწევთ ხოლმე წინააღმდეგობას, მაგრამ ყველაზე სუსტს აარჩევენ ხოლმე“.

„ქუთექსში“ ტუალეტის კარები არ იკეტება, ტუალეტის ქაღალდი კი ყველას თავისი მოაქვს. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media.
ქარხანაში ჰიგიენური საშუალებები მინიმალურია. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media.

ქალები ერთერთ მკერავს იხსენებენ, რომელსაც შარვალზე ძაფი დარჩა და ტექნოლოგმა ნაწარმი სახეში ესროლა. ქალი ტკივილისგან და დამცირებისგან ატირდა. 

„არ მჭირდება ყვირილი, ადამიანი ვარ, უბრალოდ მოდი და ამიხსენი“, - ამატებს ერთერთი დასაქმებული. „იმ დღეს ახალი მოდელი მოვიდა და ისე შემეშინდა, რამე არ შემეშალოს, ავდექი და ვთქვი, მე ამას ვერ შევკერავ-მეთქი“.

„მეპატრონე ითხოვს რაოდენობას. ჩვენი კოტნრაქტი საათებზეა, რაოდენობა არაფერ შუაშია, მაგრამ ხალხი მაინც უჯერებს. ამ კაცმა ჩვენი ფსიქოლოგია შეისწავლა და შესაბამისად მოქმედებს. უნდა, რომ არარაობებად ვიგრძნოთ თავი, მუშაობა ვერ გისწავლიათ ორი წელიო.“

დასაქმებულებს ბევრი წუხილი დაუგროვდათ, თუმცა ისინი საბოლოოდ მაინც დაგვიანებულმა ხელფასებმა გააერთიანა. 

გიორგი დიასამიძე თბილისიდან ახალი პროფკავშირის დაარსების იმედით ჩამოვიდა. „ქუთექსის“ შემთხვევა იშვიათი შესაძლებლობაა, რადგან ამ სფეროში კადრების დენადობა, როგორც წესი, გაერთიანებას ხელს უშლის. ამ მომენტამდე საქართველოში სამკერვალო სფეროში მხოლოდ ორი პროფესიული კავშირი არსებობდა. 

ბიძგი

თეა ცნობილაძე, „ქუთექსის“ მკერავი, პირველი იყო, ვინც მუშების ორგანიზება დაიწყო. საპროტესტო გამოსვლამდე ერთი კვირით ადრე თეამ თანამშრომლებისგან 90 ხელმოწერა შეაგროვა. პეტიცია გაერთიანებული პროფესიული კავშირების ორგანიზატორებისთვის იყო განკუთვნილი, რათა ეჩვენებინა, რომ გაერთიანებისთვის მზად იყვნენ. თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამან თანამშრომლებს ერთმანეთის გვერდში დგომაც დაანახა. 

„ქუთექსში“ მუშაობა გამოცდილების გარეშე დავიწყე“, - უთხრა ცნობილაძემ OC Media-ს. „ერთი წელი ყველაფერი კარგად იყო. პრობლემები რომ დაიწყო და ავლაპარაკდი, ხალხი გაჩუმებული და შეშინებული მისმენდა. მე ყოველთვის ვამბობ, რამე როცა არ მომწონს. ხალხმა დაინახა, რომ მათ გულში და გონებაში ვიყავი. ერთი ბიძგი სჭირდებათ უბრალოდ“.

საბოლოოდ, საკუთარ განსაცდელზე მეტად, თეას მოქმედება სწორედ გარშემომყოფი ქალების გამოცდილებებმა გადააწყვეტინა. 

„რომ დავინახე ჩემი თანამშრომლების შეურაცხყოფა, ვერ ავიტანე, ასეთ რაღაცებს ბავშვობიდან ვერ ვიტან. სულ გასაჭირში ვარ ხოლმე სხვების გამო. ალბათ უფლებადამცველი უნდა გამოვსულიყავი“.

დასაქმებულებში გავრცელებულია აზრი, რომ სასამრთლო გზით სამართლიანობას ვერ აღადგენენ: „ეს არის 90-ანი წლების გადმონაშთი, როცა კანონის უზენაესობა გარანტირებული არ იყო“, - ამბობს გაერთიანებული პროფესიული კავშირების იურისტი, ირაკლი მხეიძე.  ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media.

უკმაყოფილების გამოხატვა ქართულ საწარმოში თითქმის უზრდელობად ითვლება - უმუშევრობის მაღალი სტატისტიკა (ოფიციალურად 13%, თუმცა გამოკითხვები 21%-ს აჩვენებს) დასაქმებულებს ვალდებულების განცდას უჩენს, იყონ სამუშაო ადგილის მადლიერები მაშინაც კი, როცა ეს დღეში 10 საათამდე მუშაობას და თვეში 300 ლარის ($100) აღებას გულისხმობს. 

როცა პრობლემები თავს იჩენს, დასაქმებულები მათ ეგუებიან ან სამუშაო ადგილს ტოვებენ.  „კადრების გადინება ძალიან მოწყვლადს ხდის სამკერვალო სექტორს, ისევე, როგორც მომსახურებისა და მშენებლობის სფეროებს“, - ამბობს დარგის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე. „დამსაქმებლისთვის ეს ადამიანები დაზგები არიან“.

როცა ქარხანას მასალა არ აქვს, მკერავებს სახლში უშვებენ, სანამ ახალი შეკვეთა არ მოვა. ეს პერიოდი ხელფასს არ იღებენ, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი ჯერაც ძალაშია, რაც საქართველოს შრომის კოდექსს ეწინააღმდეგება.

ბევრი ქალი სოფლიდან იმ იმედით ჩამოვიდა, რომ  პროტესტს მყისიერი შედეგი ექნებოდა და ხელფასები იმავე დღეს ჩაირიცხებოდა. პროფესიული კავშირის ჩამოყალიბება მათთვის მოულოდნელი ნაბიჯი იყო. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media.

„მეჰმეთ-ბეი [ქარხნის მეპატრონე] ჩვენ გვაბრალებს ყველაფერს. გვეუბნება, რომ „ბრაკებს“ ვაკეთებთ, ვერ ყიდის და მაგიტომ არ გვაქვს შეკვეთები. ეგ „ბრაკები“ არის, რითაც მანიპულირებს. მაგრამ კერვა ისეთი ხელობაა, შეუძლებელია, „ბრაკი“ არ გქონდეს, მთავარია, რომ არ არსებობს, მაგის გამოსწორება, ვერ შეძლო”, - ამბობს თეა ცნობილაძე. 

დასაქმებულთა უმეტესობა ამბობს, რომ ქარხნის მუშაობის პირველ წელს წუნდებული პროდუქცია პრობლემა არ ყოფილა და ხელმძღვანელობამ ამაზე საუბარი მხოლოდ ხელფასების სისტემატიური დაგვიანების შემდეგ დაიწყო. 

საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულებს ყოველდღე ხელფასის 0.07% უნდა ერიცხებოდეთ. „ქუთექსს“ ეს ვალდებულება არ შეუსრულებია. 

პროტესტის დღეს თეა ცნობილაძე და ქარხანაში დასაქმებული კიდევ ორი მკერავი ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებებზე მიდიან. თუმცა მალე ირკვევა, რომ ქარხნის მეპატრონე დღეს არ მოვა და ხელფასებსაც არ ჩარიცხავს.

ქარხნის ზედა სართულზე კონდიციონერით გაგრილებულ ოფისში პრობლემების განხილვის შემდეგ დასაქმებულების წარმომადგენლები ქარხნის ბნელ და ჩახუთულ დარბაზში ბრუნდებიან, რათა ქალებს შედეგები გააცნონ.

„ქუთექსში“ კონდიციონერებით მხოლოდ ადმინისტრაციის ოფისები გრილდება. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media.

ნათელია, რომ ბევრი მათგანი შედეგს დღესვე ელოდებოდა, თუმცა საბოლოოდ დასაქმებულები ახერხებენ, იმედგაცრუება გადალახონ და პირველად პროფესიულ კავშირს აყალიბებენ. ჯერჯერობით გაერთიანება ყველას სურს - თუმცა უცნობია, რამდენად შეინარჩუნებენ ამ ერთობას,  რამდენად გაინაწილებენ პასუხისმგებლობას კავშირის კომიტეტში, შეძლებენ თუ არა, უარი თქვან მოკლევადიან გარიგებებზე და გაუძლონ კომპანიის წნეხს. 

ეს ის პრობლემებია, რომლებიც ხშირად წარმოიშვება პირველადი მოთხოვნების შესრულების შემდეგ.

თეა ცნობილაძე თანამშრომლებს პროფესიულ კავშირში გაწევრიანებაში ეხმარება. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media.

მუდმივი სოლიდარობა? 

„იმერი“ ქართული სამკერვალო კომპანიებიდან ერთერთი უძველესია. 1928 წელს ის დაარსდა, როგორც სააქციო საზოგადოება, გადაურჩა საბჭოთა კავშირის ნგრევას, 1997 წელს კი პირველ უცხოელ კლიენტთან დაიწყო მუშაობა. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში „იმერმა“ ₾812,700 ლარის ინვესტიცია მიიღო დამატებითი 120 სამუშაო ადგილისთვის. 

ამჟამად „იმერი“ ერთერთი უდიდესი საწარმოა, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობს.

ქარხნის 450 დასაქმებულიდან  320 მკერავია. 

სერტიფიკატების მიხედვით, „იმერი“ საქართველოში ერთერთი საუკეთესო ადგილი უნდა იყოს შრომის პირობების ხარისხით. 2016 წელს შრომითი სტანდარტების ადვოკატირების ჯგუფმა (Worldwide Responsible Accredited Production (WRAP)), რომელიც თავდაპირველად შეიქმნა ამერიკული ტანსაცმლის კომპანიებისთვის, ქარხანა ოქროს სერტიფიკატით დააჯილდოვა. 2015-2016 წლებში კი ქუთაისის მერიამ იმერი „წლის დამსაქმებლად“ დაასახელა. 

„გვინდა, დადებითი განწყობა იყოს ქარხანაში“, - იმერის ბრიგადირი ქარხნის შემოვლისას. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media.

ყოფილმა მკერავმა, რომელიც ამჟამად საფრანგეთშია წასული, OC Media-ს უამბო, რომ მისი გამოცდილებით, კომპანია არც თუ ისე მეგობრული იყო მშრომელთა მიმართ.  

ანამ (სახელი შეცვლილია) იმერში მუშაობა 2013 წელს დაიწყო და ოთხი წელი იმუშავა. ამ წლებს „საგიჟეთში ცხოვრებად“ მოიხსენებს. 

სამსახურში აყვანისას ანას უთხრეს, რომ 9:00-დან 18:00-მდე იმუშავებდა, თუმცა ხშირად უფრო გვიანაც დარჩენილა. როგორც ის ამბობს, გასაუბრებაზე შეპირებულიდან სიმართლე არაფერი აღმოჩნდა.

ანას ხელფასი თვიური გეგმის შესრულებაზე იყო დამოკიდებული, რომელიც იმდენად მაღალი იყო, რომ, მისი თქმით,  ადამიანის შესაძლებლობებს აღემატებოდა.

„ყველაზე მეტი, რაც გამოვიმუშავე [თვეში], იყო ₾445 ($150) - ისიც ხუთი დღე 9:00-დან 22:00 საათამდე მუშაობაში. სხვა დროს დაახლოებით ₾250–₾300 ($84–$100) ლარი ამიღია, თუმცა იმაზე მეტი საქმე გამიკეთებია, ვიდრე ამინაზღაურდა“.

ანამ OC Media-ს უთხრა, რომ კომპანიამ ზომები მიიღო სამუშაო პირობების უკეთ წარმოსაჩენად და საკუთარი რეპუტაციის დასაცავად.  

„კომისია რომ მოვიდა 2016-ში, უფროსობამ გაგვაფრთხილა, გვეთქვა, რომ შაბათს არ გვამუშავებდნენ და სამუშაო საათები ნორმალური იყო, რომ ყველაფრით კმაყოფილები ვართ. ინტერვიუზე სათითაოდ შევდიოდით და, რომ გამოვდიოდით, ადიმინისტრაციის თანამშრომელი კართან გვხვდებოდა და გვეკითხებოდა, რა ვილაპარაკეთ“.

ქარხნის დირექტორმა, მაია სიმონიძემ, რომელიც აგრეთვე „იმერის“ წილის მფლობელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, OC Media-ს დაუდასტურა, რომ მენეჯერებმა შესაძლოა, გააფრთხილეს თანამშრომლები, თუმცა გასაუბრებები კონფიდენციალური იყო და, სურვილის შემთხვევაში, დასაქმებულებს თავისუფლად შეეძლოთ, პრეტენზიები გამოეხატათ.

ის ამატებს, რომ კონტრაქტის მიხედვით, „იმერში“ ყოველ ზედმეტ საათზე 30% სახელფასო დანამატია დაწესებული, თუმცა ხშირად ამაზე მეტსაც იხდიან.

„იმერის“ სასადილო უფასო არ არის, თუმცა ფასები საშუალოზე დაბალია. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media.

დასაქმებულები რამდენჯერმე გაიფიცნენ, თუმცა ქარხნის პროფესიული კავშირი მათ გვერდით არ დამდგარა. 

„რაღას ვიზამდით, არ იყო ერთობა“, - ამბობს ანა და იმასაც ამატებს, რომ პროფესიული გაერთიანების ლიდერები ძირითადად „იმერის“ ასაკოვანი თანამშრომლები იყვნენ, რომლებმაც არ მოისურვეს თანამდებობების საფრთხეში ჩაგდება ახალგაზრდა დასაქმებულების უფლებებისთვის. 

ყვითელი პროფკავშირები და ცუდი ეკონომიკა 

„ყვითელი პროფკავშირი“ ისეთი პროფესიული გაერთიანებაა, რომელიც დასაქმებულების ინტერესების წარდგენის მაგივრად დამსაქმებლის მხარეს დგას. 

ეთო საღინაძე, რომელმაც „იმერში“ 6 წელი იმუშავა, ამბობს, რომ ქარხნის პროფესიული გაერთიანება ერთმნიშვნელოვნად ხელმძღვანელობის მხარეს იჭერს. მისი თქმით, უკეთესობისკენ ყველანაირი ცვლილება პროფესიული კავშირის არსებობის მიუხედავად მოხდა და არა მისი შემწეობით. 

„წარმომადგენლები ხალხის არჩეულები არ არიან და ხალხს არ ემსახურებიან, ამას ყველგან ღიად ვიტყვი“, - ამბობს საღინაძე. მისი თქმით, კავშირის ლიდერები კომპანიის ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან.

მაია სიმონიძის თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ „იმერი“ გადასარჩენად იბრძოდა. 

„ეს დარგი ძალიან განვითარებული იყო საქართველოში [საბჭოთა კავშირის პერიოდში] - 40-მდე დიდი ქარხანა იყო აქ და იმერი იყო ერთერთი. ამ დიდი ქარხნებიდან მხოლოდ ორი გადარჩა - „ბათუმტექსი“, რომელიც ავსტრიელებმა შეიძინეს და ჩვენ ქართულ კომპანიად დავრჩით“.

ქარხნის დირექტორი მაია სიმონიძე „იმერის“, საქართველოში ყველაზე ძველი სამკერვალო ქარხნის, ისტორიას ფურცლავს. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media.

უცხოურ კომპანიებთან კომუნიკაციის სიმწირისა და დაბალი შიდა მოთხოვნის გამო, „იმერი“ თავდაპირველად სამხედრო ფორმების კერვით ირჩენდა თავს, თუმცა მაია სიმონიძის თქმით, ეს არ იყო „ნამდვილი სამუშაო“. მხოლოდ 1997 წელს კომპანიამ პირველი უცხოური კონტრაქტორი,  გერმანული Barbara Lebek, მიიღო.  

თანდათანობით „იმერმა“ უფრო მეტ საერთაშორისო ბრენდთან დაიწყო თანამშრომლობა, ხოლო წელს შეძლო, ძვირადღირებულ იტალიურ ბრენდ Moncler-თან გაეფორმებინა ხელშეკრულება.

კომპანიის წარმატების მიუხედავად, სიმონიძე ამბობს, რომ კადრების გადინებისა და ბაზარზე პროფესიონალების არარსებობის საკითხი კვლავ აქტუალურია. 

გამოცემა „მხარე“-სთან ინტერვიუში მან კადრების ნაკლებობა მოტივაციის არქონასა და საზღვარგარეთ სამუშაოს ძებნის „ ეპიდემიას“ დააბრალა, თუმცა OC Media-სთან გასაუბრებისას აღნიშნა, რომ დაბალი ხელფასებიც მნიშვნელოვანი ფაქტორია. 

„ამჟამად 20 ადამიანის დასაქმება შეგვიძლია, მაგრამ არ მოდიან და მესმის რატომაც. იმიტომ, რომ ხელფასები არაა სამუშაოს შესაფერისი“. 

რაც შეეხება პროფესიული გაერთიანებების როლს, სიმონიძე მას დადებითად ხედავს. 

„ჩვენს ქარხანაში პროფკავშირი ყოველთვის არსებობდა, 1921 წლიდან. მე თვითონაც ვარ წევრი და მინდა, ავღნიშნო, რომ პროფკავშირს დიდი ძალა აქვს“. 

რაც შეეხება დასაქმებულების უკმაყოფილებას კავშირის თავმჯდომარეებით, მისი თქმით, ეს კომპანიის პასუხისმგებლობა არ არის, რადგან პროფესიული გაერთიანება კომპანიას არ ემორჩილება. 

„შესაძლოა, არ მოსწონდეთ ამჟამინდელი დავმჯდომარე, მათ ხომ არ აურჩევიათ. თბილისიდან იყვნენ ჩამოსულები [დარგის წარმომადგენლები გაერთიანებული პროფესიული კავშირებიდან]  და მათ აარჩიეს“, - ამბობს სიმონიძე. 

გიორგი დიასამიძემ OC Media-ს უთხრა, რომ ეს განაცხადი სიმართლეს არ შეესაბამება და პროფესიული გაერთიანების თავმდჯომარეს დარგის თავმდჯომარე არასდროს ნიშნავს. მისი თქმით, თავმჯდომარეს წევრები ირჩევენ. მან არ იცის, როგორ მოხდა თავმდჯომარეს არჩევა „იმერში“. 

როგორც თავად თავმჯდომარე, მანანა დეისაძე, ამბობს, ამ პოზიციაზე 2014 წლიდანაა, ხოლო მისი დანიშვნა არც საერთო კენჭისყრით და არც თბილისიდან ჩამოსული დარგის წარმომადგენლების მითითებით არ მომხდარა. ის ქარხნის თამანშრომლების ხუთწევრიანმა „კომიტეტმა“ დანიშნა.

„ამჟამად 20 ადამიანის დასაქმება შეგვიძლია, მაგრამ არ მოდიან და მესმის რატომაც. იმიტომ რომ ხელფასები არაა სამუშაოს შესაფერისი. მაგრამ ესაა რეალობა“, - ამბობს მაია სიმონიძე. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media.

წამგებიანი ბრძოლა

არც უშუალოდ დასაქმებულებისგან შემდგარი პროფესიული კავშირი, ადმინისტრაციის ერთგული თანამშრომლების გარეშე, არის წარმატების გარანტი. 

61 წლის მარინა ობოლაძე „ჯორჯიან ტექსტილის“ პროფკავშირის აქტივისტი იყო, სანამ 2018 წელს ის და კიდევ 15 დასაქმებული „შემცირების“ საბაბით არ გაათავისუფლეს. მარინას აზრით, კომპანიას ფარული მიზეზი ჰქონდა. 

„თავიდან მომიშორეს იმიტომ, რომ უსამართლობას ვერ ვიტანდი და ყოველთვის ხმამაღლა ვამბობდი, რამე თუ მაწუხებდა“, - უთხრა მან OC Media-ს. მარინას სამსახურიდან დათხოვნა მას შემდეგ მოხდა, როცა ზედმეტად ნამუშევარი საათების ანაზღაურების თაობაზე მენეჯერთან საუბარი მოითხოვა.

მარინა ობოლაძე შრომის კოდექსს პირველი გაფიცვის შემდეგ ყოველთვის თან დაატარებს. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media.

გაერთიანებული პროფკავშირების მთავარი ოფისის დახმარებით მარინამ შეძლო, სასამართლოში გაესაჩივრებინა კომპანიის გადაწყვეტილება, მაგრამ ხელახლა აყვანის ნაცვლად, კოპმანიამ ორი თვის კომპენსაცია ჩაურიცხა, ბონუსების გარეშე. 

„ჩვენი ხელფასია საათში ₾1.30, ამას დამატებული ყოფაქცევისა და ხარისხის ბონუსები, და ეს არ ჩაურიცხავთ. მარტო ₾250 თითოეულს“.

ობოლაძემ და კიდევ ორმა დასაქმებულმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. შედეგს ახლაც ელოდებიან. 

„სხვები არ წავიდნენ სასამართლოში, თანხების გადახდა არ მოინდომეს“. ამბობს მარინა ობოლაძე.

ამჟამად ის სხვა ქარხანაში მუშაობს, სადაც ხელფასები ასევე დაბალია. მიუხედავად უკმაყოფილებისა, მარინა ხელმძღვანელებთან საუბარს არ ჩქარობს. 

„იმის მერე, რაც მოხდა, მეშინია ხმის ამოღების. ეს სამსახურიც არ დავკარგო“. 

პატარა გამარჯვებები

„ქუთექსის“ დირექტორი მოლაპარაკებებზე არ გამოჩენილა, ამიტომ ახლადშექმნილმა პროფესიულმა გაერთიანებამ გადაწყვიტა, სასამართლოსთვის მიემართა. სარჩელი სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის მთავარი ოფისის დახმარებით შეიტანეს. 

მოსამართლემ მხარი დასაქმებულებს დაუჭირა, რასაც  ქარხნის საკუთრების დაყადაღება მოყვა, დასაქმებულთა ხელფასის ჩარიცხვის მიზნით. 

ქუთაისის პროფესიული კავშირების ოფისის იურისტს, ირაკლი მხეიძეს, მიაჩნია, რომ ეს ფინანსურ წარმატებაზე მეტია. 

„ყადაღის შემდეგ, „ქუთექსში“ ხალხი მიხვდა, რომ სამართლიანობის აღდგენა სასამართლო გზითაა შესაძლებელი. ეს ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ დამსაქმებელს, როგორც ფინანსურად ძლიერ მხარეს, შეუძლია სასამართლოს მოსყიდვა. ასეთი ცრურწმენები მათ იმედს აკარგვინებთ, რომ სასამართლოს შეუძლია, სუსტის მხარეს დადგეს“.

მხეიძე „ქუთექსის“ სიტუაციას დადებითად აფასებს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დასაქმებულების გაერთიანება რთული ამოცანაა. 

„უპირველეს ყოვლისა, აქ არის რამდენიმე ლიდერი, რომელსაც სჯერა, რომ სამართლიანობას მიაღწევენ. თეასნაირი ადამიანები სხვების რწმენას აღვივებენ, რაც ბევრს ნიშნავს. გარდა ამისა, დასაქმებულებმა იციან, რომ ამ სამსახურს თუ დაკარგავენ, შეძენილი უნარებითა და გამოცდილებით ამავე დარგში დასაქმება არ გაუჭირდებათ“.

თეა ცნობილაძე ერთერთი მკერავია, ვინც დასაქმებულების გაერთიანება დაიწყო: „უსმარათლობას ვერ ვიტან. ალბათ უფლებადამცველი უნდა ვყოფილიყავი“. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media.

თუმცა მხეიძე იმასაც ამატებს, რომ „ქუთექსის“ შემთხვევა კარგად წარმოაჩენს შრომის სფეროს სისუსტეებს, რომლებსაც სისტემური ცვლილება სჭირდება.

„შრომასთან დაკავშირებული სარჩელები თავს მაშინ იჩენს, როცა შრომის პირობების დარღვევები მასშტაბურია. დასაქმებულებს ურჩევნიათ, მცირე დარღვევებს შეეგუონ, გაჩუმდნენ და არ გაიფუჭონ დამსაქმებელთან ურთიერთობა. ეს შიში იწვევს პრობლემების დაგროვებას, რომელსაც მივყავართ აფეთქებამდე [გაფიცვამდე]“.

შედეგად, დასაქმებულთა წუხილი მხოლოდ ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ გამოაშკარავდება. როგორც მხეიძე ამბობს, საერთაშორისო მაგალითები მოწმობს, რომ გამართული პროფესიული გაერთიანების პირობებში პრობლემები გაცილებით ადრე გვარდება, ან საერთოდ არ ჩნდება. 

ამას კი საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა სჭირდება. 

„ჯერ კიდევ არსებობს საბჭოთა კლიშეს გადმონაშთი, რომ ადამიანი, რომელიც ხმას იღებს სამართლიანობისთვის, უბრალოდ მოხერხებული მანიპულატორია და საკუთარ მოგებას დაეძებს“, - ამბობს მხეიძე. „ასეთი მენტალიტეტი მთლიანად სამეწარმეო სექტორზე ახდენს გავლენას“. 

მხეიძის დასკვნით, „ქუთექსში“ სწორედ უსამართლო მოპყრობა გახდა დასაქმებულების ბერკეტი. მათი უფლებების მნიშნველოვანი შელახვით კომპანიამ დასაქმებულთა  უარეასად დასჯის შესაძლებლობა დაკარგა - ახლა მათ დასაკარგი არაფერი აქვთ. 

ეს არის სამნაწილიანი გამოძიების პირველი ნაწილი საქართველოს სამკერვალო ინდუსტრიაზე. იგი მომზადდა „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.