fbpx

Become an OC Media Member

Support independent journalism in the Caucasus: Join today

Become a member

უმუშევრობა გალის რაიონში

გალელების თქმით, ბაზრის მოვაჭრეები ძირითადად ეთნიკურად ქართველები არიან, თუმცა დახლებს აფხაზები ფლობენ. (ნინო გოგუა /OC Media)

აფხაზეთის აღმოსავლეთით, გალის რაიონში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია, დასაქმების მწვავე პრობლემა დგას. ადგილობრივები ამბობენ, რომ ნეპოტიზმმა და დისკრიმინაციამ, როგორც პირდაპირმა, ასევე ირიბმა, ის კიდევ უფრო გაზარდა. ამის ფონზე ზოგი სამუშაოს საძიებლად სოხუმში მიდის და საფრთხისშემცველ მშელებლობებზე იწყებს მუშაობას, ზოგი კი უკეთესი ცხოვრების ძიებაშია.  

მძიმე და აუტანელი — ასე აღწერენ თავიანთ ცხოვრებას გალელი ქართველები. 1992–1993 წლებში ომს ბევრი გამოექცა, თუმცა მისი დასრულების შემდეგ გალის რაიონში ეთნიკურად ქართველების უმრავლესობა დაბრუნდა. ხანდაზმულ თაობას კი საკუთარი სახლები საომარი მოქმედებების დროსაც არ მიუტოვებია. დღეს ბევრი სვამს კითხვას — ღირდა კი ასეთი დაბრუნება?

რეგიონში არსებული უმუშევრობის გამო, ადგილობრივების უმრავლესობა სოფლის მეურნებას მისდევს, რათა თავი ამ გზით ირჩინონ. ისინი ირწმუნებიან, რომ ვაკანსიის არსებობის შემთხვევაშიც, ნაცნობობის გარეშე, ვერაფერს მიაღწევენ. მათივე თქმით, ამ საქმეში მნიშვნელოვან როლს, აგრეთვე, ასრულებენ ე. წ. „ძველი ბიჭები“ — ქურდული, დამნაშავეთა სუბკულტურა საკუთარი მორალური კოდექსით, რომელიც 1990-იან წლებში ყვაოდა.

გალელების თქმით, გამონაკლისია სოფელი საბერიო, სადაც ენგურის ჰიდროელექტროსადგურის წყალობით მოსახლეობის უმრავლესობა დასაქმებულია.

ბაზარი გალში (ნინო გოგუა /OC Media)

მუშაობა საჯარო სამსახურში

მიუხედავად იმისა, რომ გალში მოსახლეობის უმრავლესობა ქართველია, ადგილობრივი მაცხოვრებლები OC Media-ს უყვებიან, რომ ძალოვან უწყებებში ეთნიკურად ქართველებს არ ასაქმებენ. ისინი ამბობენ, რომ მილიციის არც ერთი თანამშრომელი ადგილობრივი ქართველი არ არის. სამაგიეროდ, არიან ეთნიკურად აფხაზები, რომლებიც აქ სამუშაოდ აფხაზეთის სხვადასხვა რაიონიდან ჩამოდიან. მათივე თქმით, გალში მაღალ თანამდებობებზე ქართველებსაც შეხვდებით. თუმცა ამბობენ, რომ ამისათვის ან კარგი ნაცნობი უნდა გყავდეს, ან უნდა „აფხაზობდე“.

ამასთანავე, გაურკვეველია, შესაძლებობის არსებობის შემთხვევაში რამდენი ქართველი დათანხმდებოდა ძალოვან უწყებაში სამსახურს.

28 წლის დათოს (სახელი შეცვლილია) შესაძლებობა ჰქონდა, მებაჟედ ენგურის ხიდზე ემუშავა. ის გვიყვება, რომ ასეთი შეთავაზება აფხაზურ ჯარში მსახურობის დროს მიიღო. თუმცა ამბობს, რომ დაფიქრების გარეშე უარი თქვა, რადგან მსგავსი საქციელი ამორალურად ეჩვენა.

„საკვები პროდუქტები, ავეჯი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები ზუგდიდში უფრო იაფია, ამიტომ ხალხი იქ უფრო ვაჭრობს, ვიდრე გალში და მე როგორ უნდა ამეღო ფული ასეთი ადამიანებისგან? ან თუნდაც მილიციის განყოფილებაში როგორ უნდა მემუშავა, რა უნდა მექნა დაკავებული ბავშვებისთვის, ქალებისთვის და მამაკაცებისთვის, რომლებიც აფხაზური საბუთის არ არსებობის გამო ფარული გზით ცდილობენ ზუგდიდში გადასვლას“, — გვეუბნება ის.

მაგრამ 22 წლის ხატია ამბობს, რომ შესაძლებლობის ქონის შემთხვევაში გალის მილიციაში იმუშავებდა. „თავაზიანად მაინც დაველაპარაკებოდი ხალხს“, — უყვება ხატია OC Media-ს. „არ ავიღებდი ქრთამს მათგან, არ ვიტყოდი უარს თითის ანაბეჭდი ამეღო ადამიანისგან, რომელსაც ხელები მძიმე მუშაობისგან გაშავებული აქვს. ელემენტარულად, ხალხს ადამიანურად მოვექცეოდი“, —  ამბობს ის.

გალის ცენტრი (ნინო გოგუა /OC Media)

არაღიარებული დიპლომები

მილიციისგან განსხვავებით, გალის რაიონის სკოლებში, ბაღებში, ბანკებსა და საავადმყოფოებში ეთნიკურად ქართველები არიან დასაქმებულნი. მათ უმრავლესობას კი ქართული დიპლომი აქვს, რაც, დღესდღეობით, სამსახურში აყვანისას ერთერთი შემაფერხებელია და აწ უკვე დასაქმებულთათვისაც სამუშაოს დაკარგვის საფრთხეს ქმნის. გალელი ქართველები ცდილობენ, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარონ. ისინი სწავლას სხვადასხვა ქართულ უნივერსიტეტში აგრძელებენ, (მათი სწავლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2008 წლიდან სრულად ფინანსდება), აფხაზეთში მუშაობის დასაწყებად კი მათგან აფხაზური დიპლომების ქონას მოითხოვენ.

2009 წელს კოხორას საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ზაზას (სახელი შეცვლილია) სწავლის გაგრძელება სოხუმის უნივერსიტეტში, ლინგვისტიკის ფაკულტეტზე, უნდოდა. ის დედისერთა იყო და ოჯახმა იფიქრა, რომ სოხუმის დიპლომი მას სამუშაოს პოვნაში დაეხმარებოდა. იხსენებს, რომ ყველა საჭირო საბუთი გასაგზავნად მომზადებული ჰქონდა.  

„როდესაც ჩემმა აფხაზური ენის მასწავლებელმა გაიგო ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, ძალიან გაოცდა. არასდროს დამავიწყდება, რომ მითხრა: „შენ შენი გვარით აპირებ სოხუმში სწავლასო?“

ზაზას გვარი „ძე“-ზე ბოლოვდება. რაც ნიშნავს, რომ ის ქართველია. მისი თქმით, მასწავლებელმა სოხუმში სწავლა გადააფიქრებინა. მან ბაკალავრის დიპლომი ზუგდიდში მიიღო. დღეს უმუშევარია. ამბობს, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას, საბოლოოდ არ ნანობს, რადგან სმენია ინციდენტებზე ეთნიკურად ქართველ და აფხაზ სტუდენტებს შორის, სოხუმში.

ერთერთი გალის მკვიდრი აფხაზეთის გარეთ სწავლის შედეგებზე გვიყვება. „მაქვს ქართული დიპლომი და აფხაზური პასპორტი, მაგრამ საბუთს ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება. ამის შემდეგ რა უნდა ვქნა, სად წავიდე? მე არ ვაპირებ 100 000 რუბლის (1 600 დოლარის) გადახდას აფხაზურ პასპორტში. კარგი, დავუშვათ, მე გადავიხადე, ჩემმა ოჯახმა რა ქნას? საიდან მოვიტანოთ ამდენი თანხა? საკუთარი სახლების დატოვების გარდა სხვა არჩევანს არ გვიტოვებენ“.

ბაზარი გალში (ნინო გოგუა /OC Media)

სახიფათო მშენებლობები

ისინი, ვინც გალში სამსახურს ვერ პოულობენ, სოხუმში მიდიან და მშენებლობებზე იწყებენ მუშაობას. მუშები, რომლებსაც OC Media ესაუბრა, ამბობენ, რომ ადგილზე მუშაობა სახიფათოა და რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული საერთოდ არ არის. თუმცა აღნიშნავენ, რომ ანაზღაურება დამაკმაყოფილებელია. როცა ვკითხეთ, იყენებენ თუ არა ჩაფხუტებს, რესპირატორული დაცვის ნიღბებს, პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრებს და სხვა სახის უსაფრთხოების აღჭურვილობას, გვიპასუხეს, რომ მსგავსი ნივთების არსებობა არც კი ახსოვდათ.

გიორგი (სახელი შეცვლილია) მამასთან და უფროს ძმასთან ერთად სოხუმში, ერთერთ მშენებლობაზე მუშაობდა. ხელფასი გამომუშავებით ჰქონდათ. საშუალოდ თვეში 30 000-დან 50 000 რუბლს (480–790 დოლარს) იღებდნენ.

„ერთ დღეს მამაჩემმა კედელს ზუსტად სამჯერ მიარტყა თავი. ეგ იყო ჩვენი პირველი მუშაობა სოხუმში და მეორედ აღარ დავბრუნებულვართ“, — უთხრა გიორგიმ OC Media-ს.

მშენებლობა გალში. მუშები ამბობენ, რომ უსაფრთხოების აღჭურვილობა არ აქვთ. (ნინო გოგუა /OC Media)

21 წლის თემური (სახელი შეცვლილია) გალიდან ხუთი თვის წინ სოხუმში მშენებლობაზე მუშაობდა. ის უეცრად შენობის მესამე სართულიდან ჩამოვარდა და ყბა მოიტეხა. ამ დაზიანების მიღების შემდეგ გადაწყვიტა, სამუშაოს აღარ დაბრუნებოდა.  

„ჩამოვარდნისას შეიძლებოდა, უფრო სერიზული დაზიანებები მიმეღო. არ მქონდა უსაფრთხოების არანაირი აღჭურვილობა — არც არავის აქვს ისინი მანდ“, — ამბობს ის.

„არ მინდა, ვიყო მონა“

საქართველოს დევნლთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გიორგი სანთელაძემ, OC Media-ს უთხრა, რომ განსაკუთრებით ბოლო წლებში გალის რაიონიდან ხალხი სამეგრელოს რეგიონში გადმოდის საცხოვრებლად. მიზეზი ცხოვრების გაუარესებული პირობებია.

თუმცა სტატისტიკური ინფორმაცია, თუ რამდენმა ადამიანმა დატოვა საკუთარი სახლი ბოლო წლებში, უცნობია. სამინისტროს პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ ამაზე მონაცემები მათ არ აქვთ და შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროში გადაგვამისამართეს. ამ უკანასკნელმა კი გვითხრა, რომ მსგავსი ინფორმაციის გაცემა მათ კომპეტენციას სცილდებოდა.

სოფელ საბერიოს მკვიდრ, 20 წლის ნიკას (სახელი შეცვლილია), კივის ბიზნესის წამოწყება უნდა. ამისთვის მან მიწის ნაკვეთი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა იყიდოს. მას ბიზნესისთვის მიწა აფხაზეთშიც საკმარისი აქვს და მისთვის  და მისი ოჯახისთვის უფრო მოხერხებული იქნებოდა ამ საქმიანობის თავიანთ სოფელში დაწყება, თუმცა ამბობს, მაღალი გადასახადების გამო, ეს გალში შეუძლებელია და რომ ბაზარიც მისი იდეისთვის მზად არ არის.

„ძალიან მიყვარს ჩემი სახლი და სოფელი, მაგრამ არ მინდა, აფხაზების მონა ვიყო. მშობლებს არ უნდათ, რომ სახლი მივატოვო, მაგრამ არსებული სიტუაციაც ესმით. ჩვენ ვხედავთ უსამართლობებსა და დამაცირებელ დამოკიდებულებას ჩინოვნიკების მხრიდან და ამაზე ხმამაღლა საუბარიც არ შეგვიძლია. მე ვერ და არ ავიტან ამას“, — ამბობს ის.

OC Media არაერთხელ შეეცადა ამ საკითხზე პასუხების აფხაზეთის დე ფაქტო სახალხო დამცველის, პრეზიდენტისა და გალის ადმინისტრაციისგან მიღებას. აგრეთვე, დავუკავშირდით არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრს“. ეს უკანასკნელი გალში მცხოვრები ეთნიკური ქართველების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციადაა ცნობილი. პასუხების გაცემა კითხვებზე არც ერთმა მათგანმა არ ისურვა.

სტატია მომზადდა „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს ფონდის ან OC Media-ს რედაქციის შეხედულებებს.